პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა.
დასკვნითი ნაწილი უფრო ტექნიკური, სექტორული ხასიათის არის და მასში მოცემულია პასუხები კითხვაზე, რამდენად მორგებულია საქართველოს კანონმდებლობა ევროპულს, რამდენად მოხერხდება მასში ცვლილებების შეტანა. რამდენად შესწევს ქვეყანას უარი, გაუმკლავდეს იმ ვალდებულებებს, რომელსაც ევროკავშირის წევრობა დააკისრებს.
გადაცემის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, შემდეგი ნაბიჯი უკვე ევროკომისიაზეა, რომელმაც შეფასების დოკუმენტი უნდა მოამზადოს.
მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ეს ივნისის ბოლოს გაირკვევა, გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა.
საქართველოს პრემიერი მინისტრის განცხადებით, საქართველო მოუთმენლად ელის ევროკავშირის სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას.
"სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. საქმე დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
"დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო. ძალიან მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის მეორე და დასკვნით პროცესში განხორციელდა. ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში,"- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.