ევროინტეგრაციის გზაზე ოპოზიციაში დადებითი მოლოდინები აქვთ. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში ევროსტრუქტურისგან შესაძლოა დამატებითი პირობები იქნას წამოყენებული. ისინი ძირითადად მართლმსაჯულების რეფორმაზე ამახვილებენ ყურადღებას.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ კითხვარზე პასუხები გასაჯაროვდება.
"კითხვარზე პასუხები დღემდე რომ არ გასაჯაროვდა, ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს პასუხები აუცილებლად გასაჯაროვდება. მთავრობას ჰქონდა საკმარისი დრო, რომ ემუშავა, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს არ არის მთავრობის საკუთრება და მთავრობის ექსკლუზივი," - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე იმედს გამოთქვას, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
"მე იმედი მაქვს, რომ კანდიდატის სტატუსს რაღაც პირობებით მაინც მოგვცემენ, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ. იმისთვის, რომ მართლა დაჩქარდეს ევროკავშირში ინტეგრაცია, საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც 19 აპრილით არის გათვალისწინებული, უნდა იქნას მიღებული და სასამართლო რეფორმას უნდა მიეხედოს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.