15 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ტრიოს ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას - რა განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ტრიოს ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას. შეცვლილი გეოპოლიტიკური უსაფრთხოების ფონზე დეპუტატები ამბობენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სურთ ისეთი გარანტიები, რაც  ქვეყნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ევროპარლამენტი აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს სამივე ასოცირებული ქვეყნის კანდიდატის სტატუსს.

ევროპარლამენტის დეპუტატი მიხაელ გალერის განცხადებით, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ შევსებული კითხვარი მათ უკვე გადასცა. 

"ჩვენ მივიღეთ სამივე ქვეყნიდან განაცხადი. მათ დაასრულეს კითხვარის შევსება. ევროკომისია ამ საკითხზე მუშაობს. პარლამენტს სურს ნახოს წევრობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება, როგორც პოლიტიკური განაცხადი. ეს კი პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ომში მყოფი უკრაინისთვის. ეს ერთგვარი გამოცდაა. ევროპარლამენტმა საკუთარ მხარდაჭერაზე პოზიცია უკვე დააფიქსირა. ჩვენ ყველა ქვეყანას ინდივიდუალური კუთხით განვიხილავთ,"- აცხადებს მიხაელ გალერი. 

ევროპარლამენტის დეპუტატის პეტრას ავსტრევიჩუსის განცხადებით კი, ევროინტეგრაციის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაბიჯები ლოგიკურია.

"ჩვენ უსაფრთხოების კუთხით ევროპაში სრულიად ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის წინაშე ვართ. რუსული აგრესიის გამო შეშფოთებულია არამხოლოდ აღმოსავლეთ ფლანგი, არამედ ყველა. ჩვენ ამ ვითარებას ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ისინი საზღვრებს არ აცხადებენ, აგრძელებენ სხვადახვა გზით დესტაბილიზაციის შექმნას დნესტრისპირეთში, მოლდოვაში, ერთმანეთის მიყოლებით აშინებენ ევროპულ ქვეყნებს. პუტინი ნამდვილად არ არის ბედნიერი ევროპული დემოკრატიით, რადგან დემოკრატია მისი რეჟიმის წინააღმდეგაა. პუტინს არ აქვს გასასამართლებელი არგუმენტები თავისი ქმედებების გამო. როგორც ხედავთ, გარანტიები აღარ მუშაობს, ამიტომ ბუნებრივია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები მოითხოვენ მეტს და მეტს, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში წევრობას.

ევროინტეგრაციის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაბიჯები ლოგიკურია. ვფიქრობ ჩვენ მათ ამ მიმართულებით მხარი უნდა დავუჭიროთ. ჯერ ვერ ვხედავ ზედაპირზე საკმარის პოლიტიკურ ნებას, თუმცა ბევრი სახის აქტივობაა იმისთვის, რომ ეს საკითხი წინ წავწიოთ. კომისიამ თავისი უნდა გააკეთოს. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად გააკეთებენ და დროულ შეფასებასაც დადებენ, უკვე ივნისში კი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ყველა წევრი სახელმწიფო და ამ საკითხს პოლიტიკური ლობირებაც გავუწიოთ,"- აცხადებს ავსტრევიჩი.

დღის ამბები