შვეიცარიული ბანკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური ტრანზაქციების გაჭიანურებაზე დღეს ადვოკატმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. ვიქტორ ყიფიანი crediT suisse-ის ქმედების გარდა, კიდევ რამდენიმე საეჭვო გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას. საუბარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილებაში არსებული ქონების შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან და გერმანიიდან გადაადგილების შეფერხებაზე. ყიფიანი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ივანიშვილმა საქმის დეტალებზე სასამართლოს გარდა საერთაშორისო მედიასთანაც ისაუბროს.
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავჯდომარე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ფინანსებზე აპელირებით გარკვეული ძალები ივანიშვილის წინააღმდეგ კორდინირებულ მოქმედებას ქვეყნის ომში ჩართვის მიზნით ეწევიან. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, მმართველი პარტიის დამფუძნებელზე მსგავსი ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელი ამოცანაა.
ყოფილი პრემიერის ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული სინქრონული მოქმედებები ეჭვის საფუძველს ამყარებს საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების აზრით, როდესაც მსხვილი საფინანსო ორგანიზაცია სოლიდურ კლიენტს არაკეთილსინდისიერად ეპყრობა, სამომავლო პოლიტიკური ქვეტექსტების პრევენციისთვის საჯაროობა აუცილებელია.
მმართველი გუნდის ეჭვებს რომ შესაძლოა რეალური საფუძველი ჰქონდეს, ამას არც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი გამორიცხავს, თუმცა პოლიტიკოსების აზრით, დასავლელი პარტნიორების პოლიტიკურ ელიტას საქართველოში მშვიდობის ფასი კარგად ესმის.
ბიძინა ივანიშვილის მისამართით დაწყებულ ფინანსური შეფერხებების კამპანიას დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე ნებისმიერი ტიპის ზეწოლის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ომში ჩართვას გამორიცხავს. მმართველი გუნდის ლიდერის თქმით, ხელისუფლება მხოლოდ იმ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე გადის.
crediT suisse-სთან მორიგ ფინანსურ დავას ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში სასამართლოს გზით გაარკვევს. შვეიცარიულ ბანკს ქართველმა ბიზნესმენმა რამდენიმე ასეული მილიონი სამართლებრივი გზით ერთხელ უკვე მოუგო.