01 მაისი 2024,   12:40
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა და სირია - შეიყვანს თუ არა აშშ რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიაში

ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც ზედა პალატის გავლენიანმა სენატორებმა - ლინდსი გრემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა წარმოადგინეს, ამერიკის სახელმწიფო მდივანს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში რუსეთის შეყვანას მოუწოდებს.

დოკუმენტში, სადაც რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებია აღწერილი, საუბარია საქართველოზეც, როგორც რუსული აგრესიის და სამხედრო დანაშაულების ერთ-ერთ სამიზნეზე.

ამერიკელი კანონმდებლები საბჭოთა კავშირის აღსადგენად ვლადიმერ პუტინის გეგმაზე საუბრობენ. სენატორების განცხადებით, კრემლი ახლა უნდა შეაჩერონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების, არამედ თავად შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებაც რისკის ქვეშ დგება. 

რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ ცნობა შეერთებულ შტატებს რადამ ოფიციალურად სთხოვა. სენატორები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება ოფიციალურ კიევს ამერიკის სრულ მხარდაჭერას დაანახებს, სხვა ქვეყნებს მაგალითს მისცემს, თავად რუსეთს კი, კურსის შეცვლას აიძულებს.

ამერიკის ადმინისტრაციაში სენატორების მოთხოვნას დღესვე უპასუხეს. სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ კრიტერიუმების განსაზღვრა კონგრესზეა დამოკიდებული.

დასავლეთის მხარდაჭერა რომ საქართველოსა და მოლდოვისთვის ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ამას ამბობენ ალიანსშიც. ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯეოანა "რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსთან უკვე ძალიან ახლოს არიან და მადრიდის სამიტზე ნატოს ღია კარის პოლიტიკას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ.

რუსეთი უკვე მკაცრი სანქციების ქვეშაა, მაგრამ მას ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად დასახელება კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. სახელმწიფო დეპარტამენტს შავ სიაში ამ დროისთვის 4 ქვეყანა ჰყავს შეყვანილი - კუბა, ჩრდილოეთ კორეა, სირია და ირანი. სიაში შემავალ ქვეყნებს ეკრძალებათ თავდაცვის საქონლის ექსპორტი და გაყიდვა, ასევე არსებობს გარკვეული შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების საქონელზე. 

დღის ამბები