მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" გადაყვანის საკითხს მმართველ გუნდში აფასებენ. უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტი ყველა აუცილებელი ღონისძიებით უზრუნველყო.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტს ყველა საჭირო სახის მკურნალობა უტარდება.
"მიხეილ სააკაშვილის, როგორც ყველა მსჯავრდადებულს თუ ბრალდებულს, იუსტიციის სამინისტროს მიერ უტარდებოდა და უტარდება ყველა ის აუცილებელი ღონისძიება, რაც საჭირო არის მისი, როგორც პაციენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. მისი ოჯახი, მისი თანაპარტიელები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ წარმოადგინონ თითქოს საქართველოში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ მსჯავრდადებული სააკაშვილის უფლება იყო სათანადოდ დაცული," - აცხადებს გივი მიქანაძე.
ექსპრეზიდენტს რომ ყველა საჭირო სახის სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლია, ამაზე საუბრობენ სხვა პოლიტიკოსებიც. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მიზანმიმართული სპეკულაციებისთვის იყენებს.
"პატიმარი სააკაშვილისთვის ჯანმრთელობის მისაწვდომლობა რომ არის უზრუნველყოფილი, ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს არც ჩვენი საზოგადოებისთვის, არც სტრასბურგის სასამართლოსთვის და არც საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ხელოვნურად ამით მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" სპეკულირებს. ჩვენი თანმიმდევრული გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ პატიმარ სააკაშვილს ამ მხრივ ცხადია პრობლემები არ შეექმნება," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.