საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობით, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის დროს, საუბრისას მთავარი თემა იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ის მოლოდინები, რომელიც ქვეყანას აქვს კითხვარის შევსების შემდგომ პროცესში.
"ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ხელშესახები შედეგები ევროინტეგრაციის გზაზე და მათთან ვისაუბრე, თუ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას და ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორების განწყობა არის ძალიან პოზიტიური და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საქართველოს დაუფასდება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ქვეყანამ გაატარა,"- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 10-12 მაისს მონაწილეობა მიიღო ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში. ილია დარჩიაშვილი მინისტერიალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობდა.