საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, რუსი პოლიტოლოგის, ანდრეი პიონტკოვსკის ინტერვიუს, მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.
ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ რუსმა ანალიტიკოსმა ეჭვები, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გააღრმავა, რაც კანონმდებლების მტკიცებით, უკრაინის პოლიტიკური წრეების ნაწილის გარდა, შესაძლოა რუსულ ინტერესებშიც შედიოდეს.
პიანტკოვსკის ფიგურას არასერიოზულს უწოდებენ ოპოზიციაში. პოლიტიკოსების თქმით, შეუძლებელია ან მას ან რომელიმე ჯგუფს, დასავლეთზე გავლენის მოხდენა შეეძლოს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ომი საქართველოში ხელსაყრელი არავისთვის იქნება.
საქართველოში ომი რომ არ იქნება, ამაზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ერთხელ ისაუბრეს.მმართველი ძალის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ვერცერთი პოლიტიკური გავლენის ჯგუფი ხელისუფლებას, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლას ვერ აიძულებს.
რუსი პოლიტოლოგის განცხადება საექსპერტო წრეებშიც შეაფასეს. უსაფრთხოების და კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მსგავსი განცხადება პიონტკოვსკის დამოუკიდებლად გაეკეთებინა, რაც მისი თქმით, ადასტურებს იმას, რომ საქართველოს უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
უკრაინა მესამე თვეა რუსულ სამხედრო აგრესიას ებრძვის. ომის პარალელურად, ადგილობრივი პოლიტიკოსების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობაზე.