15 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ეს უფრო მეტად პოლიტიკური პროცესი იქნება, ვიდრე ის, თუ კითხვარის მიხედვით, რამდენად შეესაბამებიან ეს ქვეყნები ევროკავშირს - საფრანგეთის ელჩი

ეს უფრო მეტად იქნება პოლიტიკური პროცესი, ვიდრე იმისი შეფასება, ამა თუ იმ საკითხში, კითხვარის მიხედვით რამდენად შეესაბამებიან ეს ქვეყნები ევროკავშირს,- ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დიეგო კოლასმა აღნიშნა, დისკუსია ევროკავშირში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მოხდება. 

მისი თქმით, აშკარაა, რომ ამ მომენტში ეს ქვეყნები ვერ აკმაყოფილებენ ევროკავშირის წევრობის სტატუსს და არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

"დისკუსია არ იყო მთლად გულწრფელი ადრე. იყო ფართო საუბარი, რომ შეუერთდებოდით ევროკავშირს და რომ გაქვთ ევროკავშირისკენ მისწრაფებები, მაგრამ მოცემულობა რაც გვაქვს, გარკვეულწილად განსხვავებულია. არის ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც ვაღიარებთ. ხოლო რაც შეეხება ქცევას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში – გვესმის ამბიციური საუბარი, მაგრამ დაგროვდა უთანხმოებები გასული თვეებისა და წლების განმავლობაში, რამაც გაართულა მდგომარეობა. ჩვენ ვიცით 5 ივლისის მოვლენები, სასამართლოს რეფორმის საკითხი, პრესის თავისუფლება, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევებია. ჩვენ ძალიან ხშირად ვიმეორებდით, რომ ყველა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის უბრალო ელექტორალური საკითხი, თითქოს რაღაცების შეცვლა არ გამოდის და რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. ეს არის ღერძი, რაც ამოძრავებს ევროპას. ევროპა არ არსებობს ამ საკითხების გარეშე," – განაცხადა კოლასმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და ხელისუფლების ჩარევისგან თავის დაზღვევის უნარი. მხოლოდ ასეთი ტიპის სასამართლო სისტემითა და ინსტიტუტების მშენებლობით არის შესაძლებელი ევროკავშირში ცხოვრება. ამისთვის კი, კოლასის თქმით, მხოლოდ სურვილის გამოთქმა საკმარისი არ არის. საფრანგეთის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში არსებულმა კრიზისულმა სიტუაციამ და უკრაინის დაჟინებულმა მოთხოვნამ ღია კარის პოლიტიკაზე ახალი რეალობა შექმნა, ახალი რეალობა არამარტო კიევისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც.

"მე არაერთხელ მითქვამს ბოლო პერიოდში, რომ იქმნება ახალი რეალობა და ეს ახალი რეალობა ქმნის შესაძლებლობების ფანჯარას, საქართველო კი მზად უნდა იყოს, ყველა ამ სირთულის მიუხედავად, გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა, რაც ახლა მაგიდაზე დევს,"– თქვა საფრანგეთის ელჩმა.

ელჩი აღნიშნავს, რომ  საფრანგეთის პრეზიდენტი მკაფიოდ უჭერს მხარს აღმოსავლეთ ევროპის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრებისკენ, მიესალმება კანდიდატის სტატუსის სწრაფად მინიჭებას მათთვის. მას აქვს ერთიანი ევროპის მკაფიო ხედვა მისი წინამორბედებისგან განსხვავებით. თუმცა, მათთვის, ვისაც უყვარს ევროკავშირი, მიუღებელია მნიშვნელოვანი საკითხების გამოტოვება და ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების გარეშე ევროკავშირის გაფართოება. ამიტომ, არ შეიძლება ევროკავშირის გაფართოების დაჩქარება.

"თუ ამას გაკეთებას ვცდით, ევროკავშირის შიგნით ხელს შევუწყობთ ბზარების გაჩენას. თუკი არ ვცემთ პატივს იმ დისციპლინას, რაც მოქმედებს ევროკავშირის შიგნით, ევროკავშირი შეწყვეტს მუშაობას და ამისი ფასი იქნება ზედმეტად მაღალი," – განაცხადა კოლასმა.

დღის ამბები