რესპუბლიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა უკრაინისთვის 40 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაბლოკა. პოლმა მოითხოვა, რომ დახმარების შესახებ კანონპროექტში, სპეციალური საზედამხედველო ორგანოს შექმნის შესახებ ნორმა შეიტანონ, რომელიც თანხის გამოყენებას გააკონტროლებს. სენატორის ამ ნაბიჯის გამო, კანონპროექტის კენჭისყრა შემდეგ კვირაში შედგება.
დღეს სენატმა ვერ შეძლო კენჭისყრა ჩაეტარებინა და დაჩქარებული წესით მიეღო კანონპროექტი, უკრაინისთვის 40 მილიარდიანი დახმარების შესახებ. რესპუბლიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა მოითხოვა, შეეცვალათ პროექტი და გაენსაზღვრათ ზედამხედველი ორგანო, რომელიც უკრაინის მიერ დახმარების ხარჯვას გააკონტროლებდა.
"თუ უკრაინისთვის ეს საჩუქარი დამტკიცდება, ჩვენს მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება, ჯამში, თითქმის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის ოდენობას გაუტოლდება. ეს ფული აქ, ჩვენ არ გვაქვს დალაგებული, ჩინეთისგან უნდა ვისესხოთ. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინას დაეხმარნენ. ზოგიერთმა დიდი ხნის ტრადიციაც დაარღვია და სამხედრო დახმარება გაუგზავნა. გერმანია, პოლონეთი, ბრიტანეთი და სხვები ისე დაეხმარნენ უკრაინას, როგორც არასდროს. ჩვენ ყოველთის ბიძია სემი უნდა ვიყოთ, პოლიციელი, რომელმაც სამყარო უნდა გადაარჩინოს. 30 ტრილიონიანი ვალით, ამერიკა ვერ მისცემს თავს უფლებას, მსოფლიოს პოლიციელი იყოს,"- აცხადებს რენდ პოლი.
პროცედურის მიხედვით, სენატმა ჯერ რენდ პოლის მიერ შეთავაზებულ მოთხოვნას უნდა უყაროს კენჭი. დიდი ალბათობით, ის არ დამტკიცდება, რადგან თუ კანონპროექტში რამე ცვლილება შევიდა, მაშინ ის ხელახალი კენჭისყრისთვის ისევ ქვედა პალატას უნდა დაუბრუნდეს, რაც უკრაინის დახმარებას კიდევ უფრო დააგვიანებს. რენდ პოლის დღევანდელ დემარშს, უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შუმერის უკმაყოფილება მოჰყვა.
"როდესაც კანონპროექტის ჩასწორებაზე წინადადება გაქვს, არ უნდა მოდიოდე სხდომათა დარბაზში და ამას არ უნდა ითხოვდე. ჯერ უნდა დაარწმუნო სხვა წევრები, მას მხარი დაუჭირონ - ასე მუშაობს სენატი. თუკი ყველა წევრი, ყველა მოთხოვნის სანაცვლოდ შეაჩერებს კანონპროექტებს, ეს პალატა სრულიად პარალიზებული გახდება, რაც კენტუკის უმცროსმა სენატორმა ძალიან კარგად იცის",- აცხადებს შუმერი.
სენატორებს, ორივე პარტიიდან, იმედი ჰქონდათ, რომ უკრაინის დახმარებას დღესვე უყრიდნენ კენჭს. მათ შორის იყო სენატორი მენენდეზი, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები ჰყავდა მოწვეული, თუმცა დღესვე გაირკვა, რომ კანონპროექტს წინააღმდეგობა ელოდებოდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სენატორი რენდ პოლი, უკრაინასთან დაკავშირებით მისი კოლეგებისგან მკვეთრად განსხვავებულ პოზიციას ღიად გამოხატავს. აპრილში, როდესაც სენატში ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა, პოლმა მას უთხრა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რომლებმაც მოსკოვის აგრესია განიცადეს, რუსეთის ნაწილი იყვნენ.
უკრაინის დახმარების 40 მილიარდიანი პაკეტი, კონგრესის ქვედა პალატამ 10 მაისს 368 ხმით დაამტკიცა. კანონპროექტს 57 მოწინააღმდეგე ჰყავდა.