15 ნოემბერი 2024,   22:14
ვრცლად
ჯანდაცვის სისტემას აქვს სრული რესურსი იმისათვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას მიხედოს -გიორგი ვოლსკი

მმართველი გუნდის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ხელი შეუშალოს მკურნალობას. "ქართული ოცნების" წევრები თვლიან, რომ მიზანი არა ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით საფრთხეების თავიდან არიდება, არამედ მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლაა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი ხელს უშლის მკურნალობის პროცესს. 

"თვითონ ბატონი სააკაშვილი ცდილობს ხელი შეუშალოს მისთვის რეკომენდირებული მკურნალობის პროცესს.  დღეს, რომ ისევ საუბარია მისი უცხოეთში წასვლაზე, ეს ცალსახად მოწმობს, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა,"- აცხადებს სარჯველაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აქვს რესურსი, მიხედოს მიხეილ სააკაშვილს. 

"საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აქვს სრული რესურსი, სააკაშვილის ჯანმრთელობას მიხედოს და მისი სიცოცხლე არ დააყენოს რისკის წინაშე. არავინ ასახელებს კონკრეტულ დაავადებას, რომელიც საქართველოში არ ინკურნება. მიზანი არის ორი  - ვიღაცას სურს მისი ქვეყნიდან გაყვანა და მეორე არიან ადამიანები ვისაც სურთ მისი ჯანმრთელობის დაზიანება,"- აცხადებს ვოლსკი. 

დღის ამბები