15 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
რატომ ეძებს "ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩევლის ხმებს ქვეყნის გარეთ და იმუშავებს თუ არა მოლდოვური სცენარი საქართველოში

არჩევნებამდე მინიმუმ 2 წლით ადრე, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ფსონს ქართველ ემიგრანტებზე დებს. ეს არის გეგმა, რომელის დამუშავებასაც პარტია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გეგმავს, თუმცა ვინ დაეხმარება "ნაციონალურ მოძრაობას" უცხოეთში მცხოვრები ქართველების ხმების მობილიზებაში და რა კონკრეტული ცვლილებებისთვის ემზადებიან, ეს დღეს ხატია დეკანოიძეს არ დაუკონკრეტებია.

მაგრამ მინიმუმ 2024 წლის არჩევნებისთვის რომ ეს იდეა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი გეგმა იქნება, უკვე ცნობილია.

გეგმა, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები საუბრობენ, უკვე ნაცადი მეთოდია. 2020 წლის არჩევნებში ეს მიდგომა მოლდოვაში გამოიყენეს. სწორედ ამაზე ამყარებენ იმედს ოპოზიციურ პარტიაშიც, სადაც ამბობენ, რომ უკვე თანამშრომლობენ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მოლდოველი ემიგრანტების ხმების მობილიზებისთვის მაია სანდუს ეხმარებოდნენ. გეგმის დეტალებს არც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამხელს, თუმცა ნიკა მელიამ ერთ-ერთ ეთერში თქვა, რომ მომავალ არჩევნებზე საქართველოში მოლდოვის პროექტის ანალოგს განახორციელებენ.

"ქართული ოცნებისთვის" ოპონენტების ახალი მიდგომა "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი მარცხის მოლოდინს უკავშირდება. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ არჩევნებში არაერთი წაგების შემდეგ, ოპოზიციური პარტია ცდილობს პოლიტიკური შანსები ამჯერად ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოსცადოს.

ემიგრანტების ხმების მობილიზებაში პრობლემას ვერ ხედავენ სხვა ოპოზიციური პარტიები, თუმცა ინიციატივა მათთვის კოსმეტიკური ცვლილებაა და ფიქრობენ, რომ მსგავს მიდგომას არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

არც "ნაციონალური მოძრაობის" და არც სხვა ოპოზიციური პარტიების საუბრები არჩევნებზე საინტერესო არ არის მთავრობის მეთაურისთვის. პრემიერ-მინისტრს ოპონენტებისთვის მხოლოდ ერთი გზავნილი აქვს - მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისთვის.

სწორედ 2024 წელია განსაზღვრული, როდესაც ქვეყანაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. პოლიტიკურ პარტიებს კი 2 წელი აქვთ იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით თუ ემიგრაციაში მყოფი ამომრჩევლის ხმების მისაღებად იმუშაონ.

დღის ამბები