15 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
რაზეა დამოკიდებული საქართველოს ევროპული მომავალი - ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ელჩის მკაფიო გზავნილები

ბიუროკრატია თუ პოლიტიკა? - რომელი ფაქტორი განაპირობებს მეტწილად ევროკავშირის კანდიდატობას - მკაფიო გზავნილები საქართველოში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ელჩმა გააკეთა. ფრანგი დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ დისკუსია ევროკავშირში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მოხდება, რაც დაკავშირებული იქნება უფრო პოლიტიკურ პროცესთან. საფრანგეთის ელჩი ყურადღების მიღმა არ ტოვებს გამოწვევებსაც, რომელთა გადაჭრაც, მისივე თქმით, წევრობისთვის მნიშვნელოვანია.

გამოწვევებს და ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობას სახელისუფლო გუნდშიც აღიარებენ, თუმცა ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროპის გადაწყვეტილება სწორედ იმ მიზეზმა უნდა გადაწონოს, რის გამოც საქართველომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთება დააჩქარა.

ევროკავშირის ქვეყნებში პოზიციები რომ განსხვავებული იქნება, ამაზე ოპოზიციაშიც საუბრობენ. პარტიებში ფიქრობენ, რომ სწორედ ამიტომ, საქართველომ პარტნიორებთან კომუნიკაცია უნდა გაააქტიუროს. ხელისუფლების ოპონენტებსაც მიაჩნიათ, რომ ევროპული საბჭო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ამბობენ, რომ ის გარკვეულწილად კითხვარის პასუხებითაც იქნება ნაკარნახევი.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იმ პროგრესზე ამახვილებენ ყურადღებას, რასაც საქართველომ, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობებით მიაღწია. მმართველი გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი, რომელსაც საკუთარი წესები და პირობები აქვს, ქვეყნების კანდიდატობას მხოლოდ პოლიტიკურად არ გადაწყვეტენ. სკეპტიკოსი ქვეყნების წარმომადგენელთა გზავნილების მიუხედავად, უმრავლესობაში პოზიტიური მოლოდინი აქვთ.

 

 

 

დღის ამბები