პრემიერ-მინისტრი რეგიონული ტურნეს ფარგლებში გურიაში ჩავიდა. ირაკლი ღარიბაშვილი კაბინეტის წევრებთან ერთად "განახლებული რეგიონების" ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და განხორციელებულ პროექტებს გაეცნო. პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.
პრემიერმა გურიაში ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობა ჩოხატაურიდან დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ გუთურში განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ახლად აშენებული სკოლა დაათვალიერა. სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი, რომელიც აღჭურვილია ახალი ინვენტარით.
პრემიერი ჩოხატაურის მთავარი მოედნის, დუმბაძის ქუჩისა და პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ლანჩხუთშიც. რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ მოედანს, პარკს, შენობებსა და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიას. პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.
პრემიერ-მინისტრმა გრიგოლეთში ახალი სასტუმრო "გრიგოლეთი ბიჩ რიზორტიც" დაათვალიერა, რომელიც "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით დაფინანსდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 მილიონ ლარზე მეტია, სესხის მოცულობა კი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს. პრემიერს გრიგოლეთში ორაგულის მეურნეობა "გურია ფიშ ფარმინგს" დამფუძნებელმაც უმასპინძლა.
გრიგოლეთის შემოვლითი გზის ჩათვლით, შავი ზღვის საკურორტო ზონაში და სამტრედიიდან ჭოროხამდე 110 კილომეტრამდე ახალი გზა საკურორტო ზონების გვერდის ავლით, ჩქაროსნული გზით მგზავრობის საშუალებას იძლევა. მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიაწოდა. გრიგოლეთის შემოვლითი გზის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა 228 მილიონი ლარით დააფინანსა.
ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად მივიდა სოფელ თხინვალში ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში. სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით რეაბილიტირდა. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ მელექედურში კომპანია "პლანტაციას" ესტუმრა. მისი განცხადებით, სოფლის მეურნეობა მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საწარმოს სრული ინვესტიცია 300 ათასი ლარია. მეწარმემ დაფინანსება "აწარმოე საქართველოში" და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიიღო.
ოზურგეთში 2 მილიონამდე ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის, მათ შორის ორი შენობის განახლება. ქალაქში მიმდინარეობს კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციაც. სამუშაოები პრემიერმა მთვარობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური ოზურგეთის ტექნოპარკშიც იმყოფებოდა, სადაც სტარტაპერებს შეხვდა და მათი საქმიანობით, ინოვაციური იდეებით დაინტერესდა.
პრემიერ-მინისტრი დღის ბოლოს ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის რეაბილიტაციისა და ტექნიკური აღჭურვისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე გამოიყო. სკოლა 800 მოსწავლეზეა გათვლილი.
პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების გაცნობას ყველა რეგიონში გეგმავს.