წინააღმდეგობის 80 დღის შემდეგ უკრაინას პროგნოზის გაკეთება უჭირს. რამდენ ხანს გაგრძელდება ომი? ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ ხელისუფლება უკრაინული მიწის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს.
გადამწყვეტი საათებია "აზოვსტალში". ექნება თუ არა შედეგი მოლაპარაკების მორიგ რაუნდს და დათანხმდება თუ არა პუტინი ქარხნიდან დაჭრილი მებრძოლების გამოყვანას? ზელენსკის განცხადებით, დიალოგის პროცესში ყველა გავლენიანი შუამავალია ჩართულია.
"ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ეს ჩვენს პარტნიორებზეცაა დამოკიდებული. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდასა და უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაზე.
ეს არის ერთადერთი რეცეპტი რუსეთის შემოჭრის ფონზე თავისუფლების დასაცავად. ომის ყოველი დღე გლობალური საფრთხეების ზრდაა, ეს არის ახალი შესაძლებლობები რუსეთისთვის, რომ არასტაბილურობის პროვოცირება მოახდინოს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.
რუსეთზე გაცილებით მეტი ზეწოლაა საჭირო. ჩვენ განუწყვეტლივ ვცდილობთ, გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან და "აზოვსტალიდან". ამჟამად ევაკუაციის მისიის შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით, მძიმედ დაჭრილებისა და მედიკოსების გადარჩენაზე ძალიან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს არის ხალხის დიდი რაოდენობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა იქ დარჩენილი, თითოეული ჩვენი დამცველი გადავარჩინოთ. მოლაპარაკებებში უკვე ჩართულია მსოფლიოს ყველა გავლენიანი შუამავალი,"- აცხადებს ზელენსკი.