დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან გაერთიანების შესახებ საყოველთაო გამოკითხვას 17 ივლისს ჩაატარებს. შესაბამისი დოკუმენტები ე.წ. სასამართლოს უკვე გადაეცა.
მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებას გმობს საქართველოს ხელისუფლება. მმართველი გუნდი ე.წ. რეფერენდუმს არ აღიარებს.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს.
ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გავყვებით ზუსტად იგივე ხაზს. მე შეგახსენებთ, მაგალითად 2004-05-06 წლებში რა ვითარება იყო ცხინვალის რეგიონში. დასახლებული რეგიონის 2/3-ს აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება. ამის შემდეგ დაიწყო წინა ხელისუფლების მოქმედებები, როდესაც მათ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რომელიც გაუქმდა გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში. ეს გააკეთეს იქიდან 15 წლის თავზე. ამის შემდეგ ჩაატარეს ახალი დე ფაქტო სეპარატისტული არჩევნები, საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში და შექმნა ალტერნატიული სეპარატისტული ხელისუფლება, საზღვრები, სეპარატისტული ხელისუფლება, რაც დაგვირგვინდა ბოლოს 20%-ის ჩაბარებით, ეს არის მათი საქმიანობის შედეგები და ჩვენი საქმიანობის შედეგებს შეგიძლიათ გადახედოთ რაც არის. რაც შეეხება რეფერენდუმს, მავთულხლართებს და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის ზუსტად იმ პოლიტიკის მემკვიდრეობა, რომელიც მათ დატოვეს და ეს არის 9 წლიანი პოლიტიკის მმართველობის შედეგები," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ამავე თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
"ეს არის ჩვეულებრივი ფარსი, როგორც მათი ე.წ. არჩევნები. ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყოველთვის ვმუშაობდით, ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია," - ამბობს კახა კალაძე.