ძნელია პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება დასავლეთის ჰიბრიდული ომი რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ შედეგებს ყველა იგრძნობს - ამის შესახებ თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ყოველწლიურ ასამბლეაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, დასავლეთის მხრიდან რუსეთის იზოლაციის მცდელობა განწირულია. რუსეთის საგრეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღების შემთხვევაში, გაერთიანების ბედი დასრულდება.
"კოლექტიურმა დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა და ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ცხადია, რომ შედეგებს გამონაკლისის გარეშე ყველა იგრძნობს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ პირდაპირი დაპირისპირება. ჩვენთვის სანქციების ეს პოლიტიკა უცხო არააა, ისინი თითქმის ყოველთვის იყენებდნენ ამ ფორმებს. დასავლელმა პოლიტიკოსებმა, რა თქმა უნდა, უნდა გააცნობიერონ, რომ მათი მცდელობები ჩვენი ქვეყნის იზოლირებისთვის განწირულია.
ბევრი ექსპერტი ამას უკვე აღიარებს, ჯერჯერობით მხოლოდ ჩუმად, კულისებში, რადგან პოლიტკორექტული არ არის ამის ხმამაღლა თქმა, მაგრამ ეს ხდება. ევროკავშირი საბოლოოდ კარგავს დამოუკიდებლობის ნიშნებს, მორჩილად ინტეგრირდება იმავე უნიპოლარული მსოფლიო წესრიგის დამყარების ანგლო-საქსონურ გეგმებში, სწირავს ევროპელების ცხოვრების ხარისხს და მათ ფუნდამენტურ ინტერესებს, შეერთებული შტატების სასარგებლოდ.დასავლეთმა თავისი რეპუტაცია მტაცებლური ქმედებებით შეარყია. რუსეთის შემდგომი დაახლოება ისეთ სახელმწიფოსთან როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და სხვები, გარდაუვალი პროცესია და ეს ორმხრივი ხასიათის იქნება,"- აცხადებს სერგეი ლავროვი.