პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება - "ქართულმა ოცნებამ" დღეს ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე ორგანიზაციის გამგეობა და საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეები დაამტკიცეს. ორგანიზაცია 31 ქალისგან შედგება, მათ შორის არის რუსთავის მერი, არაერთი დეპუტატი და მინისტრები.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ორგანიზაცია, რომელიც მმართველი გუნდის მიერ შეიქმნა, შესაძლებლობების ახალ ფანჯარას სწორედ ქალი პოლიტიკოსებისთვის ხსნის. მიზანი, ქალთა როლის გაძლიერებაა, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადო ცხოვრებაში. ახალი პლატფორმა მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული და დისკრიმინაციის პრევენციისთვის დამატებითი ბერკეტებს შექმნის.
ორგანიზაციის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე საუბრობს პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძის თქმით, შემთხვევითი არაა, რომ ქალთა ორგანიზაცია სწორედ თამარ მეფის ხსენების დღეს შეიქმნა. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ქალთა როლის გაძლიერების კუთხით არაერთი ინიციატივა შესრულდა, მათ შორის საკანონმდებლო ნაწილშიც, როდესაც პარლამენტმა გენდერული კვოტების შემოღებაზე მუშაობა დაიწყო.
თანამედროვე ქართული პოლიტიკისთვის რომ ინიციატივა მნიშვნელოვანი მოვლენაა, ამაზე ის ქალი პოლიტიკოსები საუბრობენ, რომლებსაც სხვადასხვა უწყებაში, საკანონმდებლო თუ მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
კონფერენციაზე საქართველოს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ისტორიაზე ისაუბრა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, პროგრესულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურა და ქალთა სათანადო ჩართულობა პოლიტიკაში დღეს მმართველი გუნდის პრიორიტეტია.