15 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
საქართველო ჩვენთვის ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორია, ვიცი, რომ პოლიტიკური ლიდერები მოწვეულნი იქნებიან მადრიდის სამიტზეც - მირჩა ჯოანა

საქართველო ჩვენთვის ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორია, ჩვენ მათთან წლებია ვთანამშრომლობთ და მე ვიცი, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები მადრიდის სამიტზეც იქნებიან მოწვეულნი. ღია კარის პოლიტიკა ნატოსთვის მთავარ პრინციპად რჩება და საქართველო ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი, რომლის ბლოკადას რუსეთი ახორციელებს, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქმნის კრიზისს,- ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა აცხადებს. 

მისი თქმით, ნატო ყოველთვის პატივს სცემს ევროპასა და მსოფლიოში ყველა ქვეყნის უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა. 

როგორც მირჩა ჯოანა აღნიშნავს, ახლა, ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომენტში ვიმყოფებით. 

"ჩვენ ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომენტში ვიმყოფებით. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და იცავს ჩვენს მოკავშირე ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს. გუშინ საღამოს, ჩვენ შემოგვიერთდნენ შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩვენ პატივს ვცემთ ამ ქვეყნებში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და თუ ისინი გადაწყვეტენ ნატოს წევრობას, მე დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირე ქვეყნები კონსტრუქციულად და პოზიტიურად შეხვდებიან მათ წევრობას. ფინელები უკვე ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან, მათთან მრავალი კუთხით ვთანამშრომლობთ. მათ აქვთ ძლიერი დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ჰყავთ ძლიერი ჯარი. ისინი უკვე მონაწილეობენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყანა თავსებადია ნატოს დანარჩენ წევრებთან.

დღეს,ჩვენ, ასევე გავამახვილებთ ყურადღებას უკრაინაში მიმდინარე უახლეს მოვლენებზე. რუსეთის სასტიკი შეჭრა უკრაინაში კარგავს იმპულსს. მოკავშირეებისა და პარტნიორების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მილიარდობით დოლარის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებითა და უკრაინელი ხალხისა და არმიის სიმამაცით, უკრაინას შეუძლია ეს ომი მოიგოს. ჩვენი გზავნილი პუტინისადმი იმაში მდგომარეობს, რომ მან დაიწყო ყველაზე სასტიკი და ცინიკური ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ის ალბათ გააკვირვა უკრაინელი ხალხის სიმამაცემ და დასავლეთის ერთიანობამ. ჩვენ ვართ ერთიანები და ძლიერები და განვაგრძობთ უკრაინის დახმარებას. ნატო ყოველთვის სცემს პატივს ევროპასა და მსოფლიოში ყველა ქვეყნის უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა. ეს არცერთი სხვა ქვეყნის განხილვის საგანი არ უნდა იყოს, არამედ ეს არის დისკუსია ქვეყანასა და ორგანიზაციას შორის, რომელშიც მას სურს გაწევრიანება. საქართველო ჩვენთვის ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორია, ჩვენ მათთან წლებია ვთანამშრომლობთ და მე ვიცი, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები მადრიდის სამიტზეც იქნებიან მოწვეულნი. ღია კარის პოლიტიკა ნატოსთვის მთავარ პრინციპად რჩება და საქართველო ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი, რომლის ბლოკადას რუსეთი ახორციელებს, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქმნის კრიზისს," - განაცხადა მირჩა ჯოანამ.

დღის ამბები