მსოფლიო ისტორიული პროცესის მოლოდინში - გაიღება თუ არა ფინეთისა და შვედეთისთვის ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კარი. ვერდიქტი ნატომ უნდა გამოიტანოს. ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში იკრიბებიან. რუსეთის აგრესიამ ორივე ქვეყანას, წლების განმავლობაში გაცხადებულ პოზიციაზე, ნეიტრალურ სტატუსზე უარი ათქმევინა და მზად არიან ოფიციალური განაცხადიც გააკეთონ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეფასებით, სკანდინავიურ ქვეყნებს, რომელთაც აქამდე ნატოში გაწევრიანება არ სურდათ, გადაწვეტილება 24 თებერვლის შემდგომმა მოვლენებმა - რუსეთ-უკრაინის ომმა შეაცვლევინა, და ეს გასაგებია, რადგან ამ ქვეყნებს სურთ მშვიდად ცხოვრება. მისი თქმით, ამ გადაწვეტილებით ნატო უფრო გაძლიერდება.
"ეს მართლაც ისტორიული მომენტია. ნატოს ისტორიაში პირველი არაფორმალური შეხვედრაა. ამ მომენტში, როცა ევროპაში, ევროატლანტიკურ რეგიონში ყველაფერი შეიცვალა, დროულია, შევხვდეთ და ვისაუბროთ ღიად, როგორც მეგობრებმა, წინასწარ მომზადებული ჩანაწერების გარეშე, რათა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც 24 თებერვლამდე დღის წესრიგში არ იდგა. ნატო ყოველთვის იყო და იქნება კავშირი თავდაცვისთვის, თუმცა 24 თებერვლამდე ალიანსში გაწევრიანება ქვეყნების ნაწილისთვის პრიორიტეტული არ იყო, რაც ახლა შეიცვალა, განსაკუთრებით ჩვენი მეგობარი სკანდინავიური ქვეყნებისთვის, შვედეთისა და ფინეთისთვის. მათ არ სურდათ ნატოს წევრობა, თუმცა მათ ახლა უბიძგებენ ამისკენ, რადგან მათ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში სურთ ცხოვრება. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ისინი ჩვენი ძალიან ახლო პარტნიორები არიან და თუკი ამ ქვეყნების პარლამენტები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ჩვენ კიდევ უფრო ძლიერს და ერთიანს გაგვხდის როგორც თავდაცვის, ასევე დემოკრატიული ღირებულებების კუთხით," - განაცხადა ანალენა ბერბოკიმ.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჯოლის შეფასებით მნიშვნელოვანია ალიანსის გაძლიერება. მისი თქმით, ევროპა პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ძლიერი უნდა დარჩეს.
"ბერლინში მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს. ეს არის ისტორიული მომენტი და ჩვენ ალიანსში ყველა ვაღიარებთ ამას. ყველაფერი 24 თებერვალს შეიცვალა. ჩვენი კავშირი ძლიერია. გუშინ ვესაუბრე როგორც ჩემ ფინელ და შვედ, ასევე ჩემს თურქ კოლეგას და ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას. ამ შეხვედრების შედეგად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი ერთიანობა ურყევია. ჩვენ ვიცით, რომ პუტინის აგრესიის წინაშე ძლიერი უნდა დავრჩეთ. საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. მე კიდევ ერთხელ მქონდა შეხვედრა ჩემს ქართველ კოლეგასთან. ჩვენ ღია კარის პოლიტიკის ერთგული ვრჩებით. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, რათა ვუზრუნველყოთ, რომ შვედეთმა და ფინეთმა შეძლონ ნატოში გაწევრიანება. ჩვენ განვაგრძობთ ღია კარის პოლიტიკით საქართველოს მხარდაჭერას," - აღნიშნა მელანი ჯოლიმ.
აღსანიშნავია, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გაძლიერებაზე აქტიურად საუბრობენ ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.
"ეჭვგარეშეა, რომ ნატოს პარტნიორი ქვეყნები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველო. ჩვენ გვაქვს ძლიერი და მჭიდრო პარტნიორობა. დანიაში ვფიქრობთ, რომ თითოეულ ევროპულ ქვეყანას აქვს ფუნდამენტური უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და არც ერთ ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება, იქნება ეს რუსეთი, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში დემოკრატიის მტრები, და პირველია პუტინი, მოქმედებენ. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას. ჩვენ დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნებს, სადაც რუსეთის მხრიდან ინსტრუმენტალიზებულია ავტორიტარიზმი და აგრესია," - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდიმ.