ილია დარჩიაშვილი ბრიუსელშია - ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გაცემის და ბრიუსელში გაგზავნის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხს, ოფიციალურ შეხვედრებზე განიხილავს.
შეხვედრები დაგეგმილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან.
სამუშაო ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებაც იქნება.
რა შეხვედრებს გეგმავს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა.
"ბრიუსელში, მიმდინარე კვირაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა იმართება. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, შეხვედრები ექნება კოლეგებთან. საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ფრანგ კოლეგასთან. მასთან პოზიციების გაცვლა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი კვირებისა და თვეების განმავლობაში.შეხვედრების შინაარსი და მთავარი თემა იქნება საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობები, ისევე, როგორც რეგიონში არსებული რთული და მძიმე უსაფრთხოების გარემო. ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას კითხვართან დაკავშირებით, ვისაუბრებთ ჩვენს განაცხადსა და მოლოდინებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს შეხვედრები უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რომელიც საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.