15 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
"ეკონომიკური სანქციებით და მძიმე შეიარაღების მიწოდებით ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან" - კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბრიუსელში, უკრაინის თემაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები იკრიბებიან, შეხვედრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც ესწრება. შეხვედრის დაწყებამდე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჯოლის განცხადებით, ეკონომიკური სანქციებით და მძიმე შეიარაღების მიწოდებით, ისინი აძლიერებენ უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან.

"ჩვენ ერთიანი ვართ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ვახდენთ რუსეთის იზოლირებას პოლიტიკურად, დიპლომატიურად და ეკონომიკურად. ჩვენ ვთანამშრომლობთ სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენი საუბრები შეეხება ენერგეტიკის, საკვების უსაფრთხოებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ეკონომიკური სანქციებით და მძიმე შეიარაღების მიწოდებით ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან და ჩვენ ამას გავაგრძელებთ," - თქვა ჯოლიმ.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპული კომისიის ანგარიშს ელოდებიან და საკითხზე მუშაობა მიდის იმდენად სწრაფად, როგორც არასდროს.

"კანადა გვიბიძგებს, რომ სანქციები გავამკაცროთ და წარმოვადგინოთ ერთიანი ფრონტი რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინაში. ჩვენ გვაღელვებს ამ ომის შედეგები. მთელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგება. ეს გამოწვეულია არა სანქციების გამო, არამედ უკრაინაში რუსეთის ომის მიზეზით. რუსეთ ბლოკავს უკრაინის მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე გადატანას. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ სანქციებზე, რომლებსაც კანადა და ევროპული კავშირი იღებენ. ჩვენს 27 წევრ ქვეყანას განსხვავებული მდგომარეობა აქვს, ზოგი მეტად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, ზოგი ნაკლებად. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სიტუაციის დარეგულირება მოხდეს. უკრაინელები განაგრძობენ წინააღმდეგობას. ჩვენ გავაგრძელებთ მათ უზრუნველყოფას შეიარაღებით, რათა ისინი ბრძოლისუნარიანი იყვნენ. რაც შეეხება საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის კანდიდატის სტატუსს, ამასთან დაკავშირებით ველოდებით ევროპული კომისიის ანგარიშს. ჩვენ ამ საკითხზე იმაზე სწრაფად ვმუშაობთ, როგორც არასდროს," - განაცხადა ბორელმა.

დღის ამბები