15 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
უკრაინაში ხალხი იღუპება, მათ მორალური სტიმული სჭირდებათ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნაკლებად ვფიქრობთ საქართველოსა და მოლდოვაზე - სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. ილია დარჩაიშვილი უკვე მივიდა ევროპის საბჭოში, სადაც ფრანგ კოლეგას უნდა შეხვდეს. დიპლომატებს შორის განხილვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ევროკავშირში საქართველოს განაცხადი იქნება.

პარალელურად, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში  ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. საუბრობენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, განიხილება რუსეთის მიმართ სანქციების მეექვსე პაკეტის საკითხი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანამ შეძლოს რუსეთზე ნავთობდამოკიდებულების ეტაპობრივად შემცირება.

"ევროპული იდენტობისა და ევროპული ურთიერთკავშირის საკითხი გადამწყვეტია. ჩვენ ამას ახლა ვხედავთ, რადგან უკრაინა ახლა ევროპულ სამშვიდობო წესრიგს იცავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირმა ერთობლივად გადავდგათ ამ მიმართულებით ნაბიჯები და ვფიქრობ ეს საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სანდო ხელშია. ჩვენი განხილვის მთავარ თემად უკრაინაში მიმდინარე დრამატული ომი რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, განსაკუთრებით სამხედრო დახმარების კუთხით. ჩვენ ასევე განვიხილავთ სანქციების მეექვსე პაკეტის საკითხს. როგორც იცით, არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და ამაზე დღეს ერთობლივად ვისაუბრებთ. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანამ შეძლოს რუსეთზე ნავთობდამოკიდებულების ეტაპობრივად შემცირება, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა," - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკიმ. 

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი კი აცხადებს, რომ სლოვაკეთი ერთგულია მოლდოვისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. როგორც მან განაცხადა, უკრაინას მხარდაჭერა სჭირდება.

"მინდა მოვისმინო გასაგები პოზიციები პასუხისმგებლიანი ქვეყნებიდან. ეს კონფლიქტი შავ-თეთრია, აშკარაა ვინაა აგრესორი და ვინ მსხვერპლი, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სიგნალია რომ უნდათ იყვნენ ამ საზოგადოების ნაწილი. უკრაინის საკითხზე, გავიმეორებ, რომ სლოვაკეთის პოზიციაა უკრაინა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი. უკრაინელებმა იციან, რომ კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს რომ ხვალ წევრები გახდებიან, აქ არ არსებობს მოკლე გზები, ჩვენი ამოცანაა რომ დავიცვათ უკრაინა და მათ ეს მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ, ხალხი იქ იღუპება, იქ ხალხს რუსი აგრესორები ხოცავენ, მინიმუმი რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის რომ კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნაკლებად ვფიქრობთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მომავალზე, ეს ქვეყნები ასევე არიან რუსული მუქარის ქვეშ, ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ამ მომენტში უფრო უკრაინის საკითხზე ვარ კონცენტრირებული. საქართველომ და მოლდოვამ ზუსტად იციან სადაც დგას სლოვაკეთი და ჩვენ ამ პოზიციას გავაგრძელებთ," - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კორჩოკიმ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განცხადება გააკეთა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომლის განცხადებითაც, გადაწყვეტილებები, რომელსაც ევროპა უახლოეს მომავალში მიიღებს, განსაზღვრავს ევროპას მომავალი ათწლეულების განმავლობაში.

"გადაწყვეტილებები, რომელსაც ევროპა ბოლო ორთვენახევრის განმავლობაში იღებდა და რომელსაც მიიღებს დღეს და უახლოეს მომავალში, განსაზღვრავს ევროპას მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ დაგვიმახსოვრებენ ჩვენი მიღებული გადაწყვეტილებებით, ამიტომ აუცილებელია, სწორ ნაბიჯები გადავდგათ.

რაც შეეხება გაფართოებას, ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან. იგივე შეეხება უკრაინის კანდიდატის სტატუსს. იმედი მაქვს, ეს პროცესი წინ წავა. შემდეგი საკითხია უკრაინის აღდგენის საკითხი. ჩვენ უკვე მივიღეთ გარკვეული სწორი გადაწყვეტილებები, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით და სამხედრო დახმარების კუთხით, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს ამ მიმართულებით მისაღები," - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. 

დღის ამბები