საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს იწყებს. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე NATO-ში. შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი იქნება.
საქართველოს მთავრობის მეთაური, ასევე ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებულ საკითხებსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს.
ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელსაც თავის მხრივ დაგეგმილი აქვს შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან.
"ბრიუსელში ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან პრემიერ-მინისტრი ჩვენს მიერ უკვე შევსებული კითხვარის პარალელურად უკვე თავად პირადად შესაბამის ლიდერებთან ისაუბრებს იმ მნიშვნელობაზე, რაც უნდა ჰქონდეს ჩვენს მონაწილეობას ამ პროცესში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაოების ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში გენერალურ მდივანთან შეხვედრაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ვიზიტის, რომელსაც ექნება დამატებითი იმპულსები ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართულებით," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.