15 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ ენმ-მ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში "რუსთავი 2" ყაჩაღურად მიიტაცა, ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ ის კანონიერ მფლობელს უსამართლოდ დაუბრუნდა - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიკული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ნიკა გვარამიას დაკავებას და შემდეგ მისი მხარდამჭერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა. 

განცხადებას, თითქოს ნიკა გვარამიას დაკავება ევროინტეგრაციის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია, ირაკლი კობახიძემ უპასუხა და განმარტა, რომ გვარამიას დასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის ტოლობის ნიშანი არ არის. მისივე თქმით,  სამართლის უზენაესობის გარეშე, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი ვერ გახდება: 

"მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში "რუსთავი 2" სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა, ეს პარტია და მისი პარტნიორები თუ ლობისტები უტიფრად და ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს უსამართლოდ დაუბრუნა.

5 წლის წინ, "ნაციონალური მოძრაობა", მასთან დაკავშირებული ენჯეოები, მაშინდელი პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და მათი უცხოელი ლობისტები აწარმოებდნენ ისტერიულ, სიცრუეზე და „ფეიკზე“ დაფუძნებულ კამპანიას "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით. ეს სიცრუე და „ფეიკი“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2 წელიწადში ამხილა.

ქრონოლოგიურად სწორედ "რუსთავი 2"-ის საქმეს უკავშირდება კამპანიის დაწყება ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგაც, რომელიც საბჭოური პროპაგანდის მეთოდების გამოყენებით და იარლიყების "მიწებებით" დღემდე წარმოებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ფსევდო-იურისტები განაჩენის "„აბსურდულობას"“ ამტკიცებენ იმ ფაქტზე მითითებით, რომ გვარამიას ტელეკომპანიის ძარცვა მის მაშინდელ მფლობელებთან შეთანხმებული ჰქონდა. ეს არის სრულიად უსუსური არგუმენტი - როდესაც ტელეკომპანიის უკანონო მფლობელები და გენერალური დირექტორი კანონიერი მფლობელისთვის დასაბრუნებელი ტელეკომპანიის ძარცვაზე თანხმდებიან, ეს გენერალურ დირექტორს პასუხისმგებლობისგან, ბუნებრივია, ვერ გაათავისუფლებს.

"ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები, სახალხო დამცველები და უცხოელი ლობისტები მოქმედებდნენ და მოქმედებენ, რათა არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ "რუსთავი 2"-ის მიტაცების საქმეზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ სანდრო გირგვლიანის, ვალერი გელაშვილის, 7 ნოემბრის, ტელეკომპანია "იმედის"“ და კორუფციის საქმეებზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება ნიკა გვარამიას მიმართ "რუსთავი 2"-ის ძარცვის საქმეზე.

2019 წელს, სტრასბურგის სასამართლომ სრულად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერება, რითაც მან "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი პარტნიორებისა და ლობისტების მიერ წარმოებული კამპანია გააშიშვლა და ისინი სიცრუეში ამხილა.

ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების "ბულინგს" მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. შესაბამისად, ამ "ბულინგს" სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.

სამწუხაროდ, "ნაციონალურ მოძრაობას", მის სატელიტებს, ენჯეოებს, მარგველაშვილს და უცხოელ ლობისტებს 2019 წელს ბოდიში არ მოუხდიათ არც ქართული საზოგადოებისთვის იმის გამო, რომ სრულიად ურცხვი, უტიფარ სიცრუეზე აგებული კამპანია აკადრეს. ეს კამპანია ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი. 

ზუსტად იგივე ადამიანები აწარმოებენ ახალ ისტერიულ კამპანიას იმისათვის, რომ "რუსთავი 2"-ის კანონიერმა მფლობელმა კუთვნილი 7 მილიონი ვერც ახლა დაიბრუნოს.

"ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები, მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები და უცხოელი ლობისტები ხმაშეწყობილად მოქმედებენ სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რათა, სამომავლოდ, პოლიტიკური წარმატების თუნდაც თეორიული შანსი შეინარჩუნონ. ჩვენ ამ ადამიანებს ვერც სამართლის აღსრულების შეჩერების, ვერც ტელეკომპანიების ძარცვისა და ვერც სასამართლოზე ზეწოლის უფლებას ვერ მივცემთ.

ეს ადამიანები არიან ბაკურიანის ცნობილი შეხვედრის მონაწილეები, ახალი შულავერის კომიტეტი, "ომისა და ღალატის პარტია“, რომლისთვისაც უსამართლობა, ტელევიზიების მიტაცება და სასამართლოზე ზეწოლა მიღებული პრაქტიკაა.

სწორედ "ნაციონალური მოძრაობა", ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი.

სამართლის უზენაესობის გარეშე ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები ვერ გავხდებით, შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულებაა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

დღის ამბები