"კრიმინალი იჯდება ციხეში, ვინც არ არის კრიმინალი - ის იქნება გარეთ და ა.შ. ეს არის მარტივი პრინციპები" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, "ნაციონალური მოძრაობა" სხვა პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად რევოლუციურ გეგმებს აწყობდა და მსგავს მცდელობებს კიდევ გააგრძელებენ, თუმცა ამის რესურსი მათ არ გააჩნიათ.
"ეს არის ბაკურიანის შეხვედრის გაგრძელება, ისინი გეგმავდნენ რაღაც არეულობას და ა.შ. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, ჩამოვთვლი კიდევ ერთხელ: "ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები, NGO-ები და მისი მედიასაშუალებები, ისინი ერთად ისხდნენ ბაკურიანში, რათა რევოლუციური გეგმები აეწყოთ აწ განსვენებულ აკერმანთან ერთად. ეს იყო ამ შეხვედრის მიზანი. რა თქმა უნდა ისინი ამის ცდას გააგრძელებენ, თუმცა ამის არანაირი რესურსი, ბუნებრივია არ აქვთ.
საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, აქ არის უზრუნველყოფილი სამართლისა და კანონის უზენაესობა, კრიმინალი იჯდება ციხეში, ვინც არ არის კრიმინალი - ის იქნება გარეთ და ა.შ. ეს არის მარტივი პრინციპები, რომლებიც მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და ვერავინ ვერ გადაგვახვევინებს ამ პრინციპებიდან, რასაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლის უზენაესობა.
რა თქმა უნდა, ჩვენ მიჩვეულნი ვართ, რომ ერთი და იგივე გვარები, მათ შორის უცხოელი ლობისტები, მუდმივად ხელს აფარებენ კრიმინალს და კრიმინალებს. ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა საქართველო არის სახელმწიფო და ბუნებრივია იდგება იმ პრინციპებზე, რომლებიც არის მნიშვნელოვანი სამართლებრივი სახელმწიფოსთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.