15 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
"მთავარი არხის" დაკავებულ დამფუძნებელს პოლიტიკური ჯგუფები ხვდებიან - ნიკა გვარამიასთან საპატიმროში ლევან სამუშია შევიდა

"მთავარი არხის" დაკავებულ დამფუძნებელს პოლიტიკური ჯგუფები ხვდებიან. ნიკა გვარამიასთან საპატიმროში ცოტა ხნის წინ ლევან სამუშია შევიდა. შეხვედრები დღის განმავლობაშიც გაგრძელდება და მასთან შეხვედრას ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენელი აპირებს.

ამასთან, საქმე და სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეაფასა სახალხო დამცველმა. მან ნიკა გვარამია გუშინ უკვე მოინახულა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, პირველ რიგში, აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძვლიანად შეისწავლოს. გარდა ამისა, ომბუდსმენი აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით გეგმავს კომუნიკაცია ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილთან.

"ჩვენ ვაპირებთ პირველ რიგში, რომ ვნახოთ განაჩენი, შევისწავლოთ და გვექნება აუცილებლად ჩვენი შეფასება. მზად ვარ შევხვდე ქალბატონ სალომეს და ჩვენი სამართლებრივი შეფასებები და მოსაზრებები გავუზიარო. რა თქმა უნდა, მე ნებისმიერ დროს ვარ მზად ამისთვის და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში პრეზიდენტის როლი.

ნიკა გვარამიას საქმის მსჯავრში ჩვენ ვხედავთ ძალიან სერიოზულ პრობლემებს," - ამბობს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, ოპოზიცია გუშინ შეიკრიბა და სამოქმედო გეგმაც დასახა, თუ რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ერთი მხრივ მთავარი არხის ფუნქციონირება არ შეფერხდეს და მეორე მხრივ ნიკა გვარამია გათავისუფლდეს.

დღის ამბები