ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად რჩება. "მთავარი" არხის დამფუძნებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ ლევან სამუშიამ მოინახულა. როგორც პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” წევრმა თქვა, ნიკა გვარამიას პოზიცია არ შეუცვლია და არ სურს, რომ ის სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს.
ლევან სამუშიას განცხადებით, ნიკა გვარამიას მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოების განცხადებების შესახებ.
"ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, ვისაუბრეთ და ვუთხარი, თუ როგორი დადებითი განწყობაა საზოგადოებაში მის მიმართ, ასევე საერთაშორისო საზოგადოების განცხადებებისა და განწყობების შესახებ. ერთადერთი საწუხარი რაც აქვს, არიან მისი პატარა შვილები," - ამბობს ლევან სამუშია.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით კი, სასამართლოს გადაწყვეტილებას ნულოვანი ნდობა აქვს.
"სასამართლოს, რომელსაც მართავს კლანი, რომელსაც მართავენ ის ცნობილი სახელები და გვარები, რომლებიც მალე სანქცირებულ პირთა სიაში მოექცევიან, დარწმუნებული ვარ, მის გადაწყვეტილებას ნდობა აქვს ყოველთვის ნულოვანი. დღეს გვარამიას საქმე ნაფიცმსაჯულებს რომ განეხილათ, გვარამია არ იქნებოდა ციხეში, იმიტომ, რომ მტკიცებულებები, რომლითაც ის ჩასვეს ციხეში, არის თითიდან გამოწოვილი," - ამბობს გიორგი ვაშაძე.
საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ამბობს, რომ ნიკა გვარამიასთან მიმართებაში სასამართლომ ბევრი სხვადასხვა სასჯელისგან მაინც და მაინც ყველაზე მკაცრი აირჩია.
"ცხადია, რომ ეს პოლიტიკური ამბავია, ყველა შემთხვევაში, გვინდა-არ გვინდა, ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია და როცა ბევრი სხვადასხვა სასჯელისგან მაინც და მაინც ყველაზე მკაცრი აირჩიეს, გეგონება ეს იყოს ისეთი სიტუაცია, რომ ქვეყნის ბედი წყდება, რა თქმა უნდა, ეს ბევრ კითხვას აჩენს. მე მივიჩნევ, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში ეს არის ყველა ვარიანტში პოლიტიკური თამაშის ნაწილი და კიდევ უფრო დაძაბავს ჩვენს პოლიტიკურ ვითარებას, კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია მოხდება,“ - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.