ევროკავშირის კითხვარი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და რეგიონის უსაფრთხოება,- ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში შეხვედრებს მართავს.
მთავრობის მეთაური დღეს, ევროპის ორ უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირს შეხვდა. პირველი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო. აუდიენცია დახურულ კარს მიღმა გაიმართა, შეხვედრიდან გამოსულებმა კი განაცხადეს, რომ განხილვის მთავარი თემა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და ის რეფორმები იყო, რომლის გატარების ვალდებულება ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აიღო.
ევროპული საბჭოდან ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტში გადაინაცვლა, მთავრობის მეთაურს აქ პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ელოდებოდა. რობერტა მეცოლა ის პოლიტიკოსია, რომელმაც რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში შესვლას მხარი ღიად დაუჭირა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოს მთავრობის მეთაურმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც გააცნო.