საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა - ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"შეხვედრა გაუქმებულია,"- აღნიშნულია ინფორმაციაში. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ შეხვედრა სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა.
"ჩემი ინფორმაციით, ამ შეხვედრის გაუქმების თუ გადადების მიზეზი არის ბატონი სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მას ჰქონდა კოვიდი და ამის გამო მან ვერ მიიღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში წინა კვირაში და ამ კვირის დასაწყისშიც, შესაბამისად ერთადერთი შეხვედრა, რომელიც მას ჰქონდა, ეს იყო შვედეთის და ფინეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც დღეს განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს ნატოს წევრობაზე და ამ შეხვედრის გარდა ყველა სხვა დანარჩენი შეხვედრა გაუქმდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს ჩვენი საელჩოდან.
არანაირი შიდა პოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ შეიძლება რომ იყოს. ეს შეხვედრა გაუქმდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.