აშშ-ის ელჩს მედია მენეჯერები შეხვდნენ. განხილვის თემა ნიკა გვარამიას დაკავება იყო. როგორც ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, კელი დეგნანს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, როგორც მათი პოზიციის შესახებ, ასევე მედია კუთხით არსებულ პრობლემებზე.
"მთავარი არხის" გამოკლებით, მედიამენეჯერები აპირებენ მიმართონ პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია.
"ჩვენ ვთხოვეთ აშშ-ის ელჩს და მისი სახით შეერთებულ შტატებს, რომ მათ გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რომელიც მათ ხელთ არის იმისათვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი და ეს იყოს ბოლო შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთ უსამართლო განაჩენთან საქმე.
პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით, თქვენ იცით ნიკას დამოკიდებულება, მე პატივს ვცემ მის გადაწვეტილებას და პოზიციას, ამიტომ "მთავარი არხის" წარმომადგენლები ამ მიმართვას სალომე ზურაბიშვილისადმი არ ვუერთდებით," - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
პარალელურად დღეს "მთავარი არხის" დამფუძნებლის მხარდასაჭერად ქუჩის პირველი პროტესტია დაგეგმილი. შეკრება საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტისკენ მსვლელობით გაგრძელდება.