სრული საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის გეგმა ვერ შესრულდება. იდეას საკანონმდებლო ორგანოში მომხრეები არ ჰყავს. ჯერ კიდევ უცნობია პარლამენტს დემონსტრაციულად დატოვებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობაც", ვინაიდან თემაზე პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობაა.
საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ბოიკოტზე განცხადება ნონა მამულაშვილმა გააკეთა. ამჯერად პროტესტის მიზეზად ნიკა გვარამიას დაკავება, მიზნად კი მისი გათავისუფლება დასახელდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბოიკოტი შედეგიანი მხოლოდ მაშინ იქნება თუ მას ერთიანი სახე ექნება:
"არაფერი გამორიცხული არაა, მაგრამ დღეს როგორც ხედავთ, ვართ პარლამენტში და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, მათ შორის პოლიტიკურ ტრიბუნას და საერთაშორისო ურთიერთობების იმ არხებს, რომელიც დამახასიათებელია პარლამენტისთვის და რომელიც პარლამენტის გარეშე ძნელად თუ განხორციელდება,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი თანაპარტიელი ანი წითლიძე აცხადებს, რომ ის ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას დაემორჩილება. მისი თქმით, ოპოზიციაში მიმდინარეობს სხვადასხვა გზებზე საუბარი, მათ შორისაა როგორც ქუჩის აქციები, ასევე საპარლამენტო კრიზისის შექმნაც.
ბოიკოტზე საუბარს არასერიოზულს უწოდებს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი:
"პარლამენტში ოპოზიციას აქვს ბრძოლისთვის ძალიან სერიოზული და ძლიერი ბერკეტები, მაგრამ რომ გაიაზრო ეს ბერკეტები, ჯერ უნდა წაიკითხო პარლამენტის რეგლამენტი და კითხვა და მუშაობა ეზარება ზოგ-ზოგიერთ ოპოზიციონერს და არიან ღობე-ყორეს მოდებულები. პროტესტი მაქვს ძალიან დიდი მის დაკავებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ესაა პოლიტიკური ანგარიშსწორება ერთმნიშვნელოვნად. ეს საბავშვო რაღაცები, აბა, ახლა ქუჩაში გავალთ და აბა ახლა ბოიკოტს გამოვაცხადებთ... მერამდენედ უნდა დააბიჯონ ზოგ-ზოგიერთმა პარტიამ ფოცხს ფეხი და შუბლში მერამდენედ უნდა მოირტყან," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ პროტესტის ასეთი ინსტრუმენტები მეტი დაკვირვებით უნდა გამოიყენოს:
"ვიდრე არ არის ოპოზიცია შეთანხმებული საერთოდ ვინ ვინ არის და რა უნდა, რას ებრძვის და თვითონ რა როლი წარმოუდგენია საკუთარი თავისთვის და პარტნიორებისთვის, ასეთი ყველაფრიდან ამოვარდნილი ინსტრუმენტების შემოთავაზება, როგორც მიზნის, ჩემთვის არასწორია. ანუ ეს ფიზიკურად ხელს შეუშლის ოპოზიციის შიგნით საუბარსაც და შეთანხმებასაც, იმის გამო რომ ოპოზიციის შიგნით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, "- აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.