15 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება - ირაკლი ზარქუა მოსალოდნელ ბოიკოტზე

მოსაზრებას, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობაზე პროტესტის ნიშნად, ოპოზიციამ შესაძლოა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადოს, მმართველ პარტიაში ეხმაურებიან.

"ქართული ოცნების" წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვება ტრაგედიას არ წარმოადგენს, რადგან ისინი სათანადოდ ისედაც არ მუშაობენ:

"გავლენ, მერე ჩამოყალიბდებიან, საერთაშორისო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, მერე ისევ დაბრუნდებიან - ასე რომ ამაში ტრაგედიას პირადად მე ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ მათი ქმედება, მათი აქ პარლამენტში ყოფნის ერთი წელია და მათი ერთი ინიციატივა გამახსენეთ, რომელიც საზოგადოების საჭიროებებზე იყო მორგებული. ყველა მათი ინიციატივა იყო ან ქაოსზე აქცენტირებული ან სააკაშვილზე ან ჩაშლაზე და ასეთ რაღაცებზე, მგონია, რომ რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური  მოძრაობა" მსგავსი გადაწყვეტილებებით აჩვენებს, რომ ისინი მომწიფებული არ არიან პოლიტიკური ცხოვრებისთვის:

"სიმართლე გითხრათ დიდად არ ვიდარდებ თუ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვებს პარლამენტს, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ ისინი არ არიან მზად და არ არიან მომწიფებული პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ეს პირველად მაშინ გამოჩნდა როცა მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე და ახლა თუ გასვლას ფიქრობენ კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ არ არიან მომწიფებული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ პარტია, რომელიც ხალხმა აირჩია იმისთვის რომ პარლამენტში იმუშაოს და ხალხის ამ დავალებას ის არ ასრულებს , ის არაა მზად პოლიტიკური ცხოვრებისთვის," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

დღის ამბები