15 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
"ევროპულ ინტერესებს აზიანებს მხოლოდ ის, როდესაც სასამართლო სისტემაზე მიდის შტურმი და იერიში" - ანრი ოხანაშვილი 

Amnesty International-ის დასკვნას, სადაც ორგანიზაციამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულ დევნის აშკარა ქმედებად შეაფასა, შეფასებები მოჰყვა უმრავლესობაში. მმართველ გუნდში ამგვარ დასკვნას საქმის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის სიმცირეს უკავშირებენ.

დეპუტატების თქმით, ნიკა გვარამია კერძო კომპანიისთვის მძიმე ფინანსური ზარალის მიყენების ბრალდებით დააკავეს და შემთხვევას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი ოპონენტებს "რუსთავი 2"-თან მიმართებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებს. 

"სასამართლომ გამოიტანა განაჩენი კონკრეტული საწარმოს მიმართ ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისთვის. ამას სჭირდება განმარტება ამნესთისაც და სხვებსაც ეს განემარტებათ და დარწმუნებული ვარ, როგორც იყო გასული წლების მანძილზე და როგორც იყო "რუსთავი 2"-ის სასამართლო დავის შემთხვევაში, როდესაც დიდი სკანდალი და აჟიოტაჟი იყო ატეხილი ქართულ მედიაში და პოლიტიკურ სპექტრში, შემდეგ ეს სკანდალი გადავიდა უკვე საერთაშორისო საზოგადოებაში, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს ყველაფერი არის სწორი, გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა სწორად და მეტიც, მოსამართლის მიმართ პერსონალური ბულინგს მორჩით, ეს არის ზეწოლა სასამართლოზე და ეს არის დაუშვებელი. ეს სტანდარტი დაუდო ქართულ მედიას, არასამთავრობო სექტორს და პოლიტიკოსებს. პირდაპირ მიუთითა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ახლა მეორე წრეზე მივდივართ და ისევ იგივეს აკეთებს მთელი ქართული ოპოზიციური სპექტრი," - აცხადებს ბექა დავითულიანი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე საუბარი აბსურდია. 

"პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი არის აბსურდი. ევროპულ ინტერესებს აზიანებს მხოლოდ და მხოლოდ ის, როდესაც სასამართლო სისტემაზე მიდის შტურმი და იერიში. ევროპულ ინტერესებს აზიანებს ის, როდესაც ხდება ყველა კონკრეტული საქმის პოლიტიზირება და ევროპული ინტერესების შესაბამისია, როდესაც ადამიანი ჩადის დარღვევას, ხდება მასზე სამართლებრივი რეაგირება," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

 

 

 

დღის ამბები