15 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
საქართველოსთან შეხვედრა და საქართველოს დღის წესრიგი, NATO-სთვის ძალიან ღირებულია - ალუდა ღუდუშაური

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა, თუმცა დღის პირველ ნახევარში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე დაიწერა, რომ იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეხვედრა ვერ შედგებოდა. აღინიშნა, რომ ალიანსის გენერალურ მდივანს ცოტახნის წინ კოვიდი ჰქონდა.

ამ ინფორმაციას თბილისში პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა. ოპოზიციამ ფაქტი მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირა და თქვა, რომ ეს არის პასუხი "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ. 

"სტრატეგია აღმაშენებელმა" ევროპულ მისწრაფებებზე, პარლამენტში დებატების მოწვევაც კი მოითხოვა.

"ეს არის პასუხი იმ არასწორ, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კამპანიაზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო, რომ თითქოს დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩართვა. სწორედ ამიტომ, ჩვენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 93-ე მუხლის შესაბამისად, ვითხოვთ მომავალ სასესიო კვირაში გაიმართოს საპარლამენტო დებატები საკითხზე - საქართველოს ევროპული და ევროინტეგრაციის გზა. გაიმართოს დებატები, სადაც ყველა ამ მძიმე ბრალდებაზე, მოუწევს ხალხის სამსჯავროზე წარდგეს ანტი-"ქართული ოცნება",- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ სხვა დასაყრდენი საქართველოს უსაფრთხოებას, რუსული აგრესიის წინააღმდეგ არ აქვს:

"სხვა დასაყრდენი საქართველოს უსაფრთხოებას, რუსული აგრესიის წინააღმდეგ არ აქვს, ამ ვითარებაში კი, როდესაც ხდება შეხვედრის ჯერ გაუქმება და რამდენიმე საათში ისევ ჩანიშვნა და ღია გზავნილი, რომ  ეს შესაძლოა პოლიტიკურ ვითარებაში გადაიზარდოს და შეხვედრა კი არა, შესაძლოა სხვა რაღაცებიც გაუქმდეს - ამაზეა აქ საუბარი. მსოფლიოში მიმდინარე უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს დისკუსიებში საქართველო მიწვეულიც კი არ არის,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი.

"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ NATO-სთვის საქართველოს დღის წესრიგი, ძალიან ღირებულია და საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მკაფიო თავსებადობა იყოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან.

"ოპოზიციურ მედიაში გავრცელებული სიცრუის ტირაჟირება, ბუნებრივია, აზიანებდა როგორც NATO-სთან ჩვენს ურთიერთობას, ასევე ქვეყნის იმიჯს. საქართველოსთან შეხვედრა და საქართველოს დღის წესრიგი, ნატოსთვის მთლიანად არის ძალიან ღირებული. შესაბამისად, ეს შეხვედრა, რომელიც ასეთ ვითარებაში ხდება, კიდევ ერთხელ მკაფიო ხაზგასმაა იმისა, რომ დიახ, ჩვენი ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მკაფიო თავსებადობა იყოს ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური. 

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით კი, დღევანდელი ოპოზიცია პანიკის დათესვის მცდელობებში შემჩნეულია და ეს ძალიან ცუდი სტილია:

"დღევანდელი ოპოზიცია პანიკის დათესვის მცდელობებში შემჩნეული არის. სამწუხაროდ ასე არის ხოლმე, როდესაც რაღაც ამბავი ხდება წინასწარ შორსმიმავალი კუდების მობმა ხშირი მოვლენაა. ეს არ არის სწორი. ამას ხშირად ვსაყვედურობთ ხოლმე ჩვენ მათ. ეს ცუდი სტილია და შემდეგ მათზეც უარყოფითად აისახება,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები