26 აპრილი 2024,   09:40
ვრცლად
სიძულვილი გაივლის და დიქტატურა მოკვდება, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს - ზელენსკიმ კანის კინოფესტივალის მონაწილეებს მიმართა

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი მიშელ ჰაზანავიჩუსის არასაკონკურსო ფილმით Final Cut გაიხსნა, რომლის თავდაპირველი სახელწოდება Z იყო. რეჟისორმა სახელწოდება შეცვალა, რადგან სიმბოლო Z უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან ასოცირდება.

ფესტივალზე ოფიციალური რუსული დელეგაციების დაშვება აიკრძალა, თუმცა აჩვენეს რუსეთიდან გაძევებული რეჟისორის, კირილ სერებრენიკოვის ფილმი "ჩაიკოვსკის ცოლი".

ფესტივალზე, ასევე, ნაჩვენები იყო უკრაინელი რეჟისორის, მაქსიმ ნაკონჩენის სადებიუტო ფილმი "პეპლის ხედვა", რომელიც გატაცებულ უკრაინელ ქალს ეხება. კანის კინოფესტივალის მონაწილეებს ვირტუალური დიპლომატიური ტურის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. 

"დროთა განმავლობაში სიძულვილი გაივლის და დიქტატურა მოკვდება. ძალაუფლება, რომელიც მათ ხალხს წაართვეს ისევ ხალხს დაუბრუნდება. მე-20 საუკუნის ყველაზე სასტიკ დიქტატორებს უყვარდათ კინო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ შემდეგ დარჩა, არის შემზარავი დოკუმენტური კადრები. ახლა არც ერთი კვირა არ გადის, რომ დახოცილი და წამებული ადამიანების მასობრივი საფლავები არ ვიპოვოთ იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსული ჯარები იმყოფებოდნენ ან არიან. რუსეთის შემოჭრის შედეგად 229 ბავშვი დაიღუპა. სიტყვები ისე უნდა ჟღერდეს, როგორც 1940 წელს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი წააგებს,"- განაცხადა ზელენსკიმ. 

ფესტივალი 28 მაისს დასრულდება.

დღის ამბები