თბილისში შეხვედრებს მართავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი - დერეკ შოლე უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, საუბარი შეეხო პოლიტიკურ საკითხებს, ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს, მართლმსაჯულების სისტემაში გამოწვევებს და გახმაურებულ საქმეებს, კერძოდ, ნიკა გვარამიას საკითხს.
"მათ აინტერესებდათ ჩვენი მოსაზრებები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მე ვისაუბრე ნიკა გვარამიას საქმეზე, იმიტომ რომ ეს არ არის განყენებული საქმე, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მედიაგარემოსათან და მართლმსაჯულების სისტემასთან. რაც მათ დააფიქსირეს არის ის, რომ ძალიან დიდ პატივს სცემენ იმას, რასაც სამოქალაქო სექტორი აკეთებს," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს პრემიერიც უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში სახდეპის მრჩეველი მოუსმენს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსაც.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ იზიარებენ სტრატეგიული პარტნიორების შეფასებებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ამასთან, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ქვეყანაში რეფორმები ხორციელდება და გაგრძელდება.
"ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა. ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა გაიარეს მართლმსაჯულების რეფორმა, მაგრამ არავის აზრად არ მოსვლია ის, რომ ავად თუ კარგად როცა მიმდინარეობდა იმ ქვეყნებში სასამართლო რეფორმა, მართლმსაჯულება ჩაენაცვლებინათ სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მოსაზრებებით ან იმ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ან სახალხო დამცველის გადაწყვეტილებებით. შეიძლება რომელიმე მხარეს არ მოსწონდეს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, ეს არის ბუნებრივი, მაგრამ ამისთვის არსებობს სხვა ინსტანციები. ყველა უნდა შეეგუოს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა, რაც შეეხება რეფორმებს, ეს გრძელდება და გაგრძელდება," - განაცხადა მაჭარაშვილმა.