15 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
საზოგადოებას მუდმივად ესმის პოლიტიკური კამპანია სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, თუმცა არასდროს არის გამყარებული არგუმენტით, იყენებენ პროპაგანდის საბჭოურ მეთოდებს - კობახიძე

ყველა ოპოზიციურ პარტიას ვთხოვეთ, სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარი ანალიზი და შეფასება წარმოედგინათ, თუმცა პარლამენტში შვიდი-რვა ოპოზიციური პარტიაა და მხოლოდ ერთმა პარტიამ წარმოადგინა 15-გვერდიანი დოკუმენტი, – განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "დღის თემა" სტუმრობისას.

"სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან მომზადდა დაახლოებით, სამასგვერდიანი დოკუმენტი. ეს არის რეფორმის წინა ოთხი ტალღის, არსებული მდგომარეობის შეფასება და ჩვენეული ხედვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთხოვეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ თავიანთი ხედვები წარმოედგინათ. ვთხოვეთ, თითოეულ პარტიას წარმოედგინა საკუთარი ანალიზი და შეფასება სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს პარლამენტში შვიდი-რვა ოპოზიციური პარტიაა და მხოლოდ ერთმა პარტიამ წარმოადგინა 15-გვერდიანი დოკუმენტი. ეს მანამდე იყო, ვიდრე კითხვარის შევსება დაიწყებოდა. შედგა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც შალვა პაპუაშვილი და ანრი ოხანაშვილი უძღვებოდნენ. ჩვენი მხრიდან ეს თხოვნა იყო, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ, მაგრამ რეალურად, საქმე არ გაკეთებულა. თუ ჩვენ მოვახერხეთ სამასგვერდიანი, შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტის მომზადება, იგივე მათაც შეეძლოთ, გაეკეთებინათ, მაგრამ ვერ გააკეთეს თუ არ გააკეთეს, ეს კიდევ ცალკე საკითხია", – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებას მუდმივად ესმის პოლიტიკური კამპანია სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, თუმცა ეს კამპანია არასდროს არ არის გამყარებული რამე არგუმენტით.

"მუდმივად არის საუბარი კლიშეებით. იყენებენ პროპაგანდის საბჭოურ მეთოდებს, როცა ვიღაც უნდა დაბრენდო, რაღაც კონკრეტული სახელი მიაწებო და მერე ატრიალო ერთი და იგივე სახელი. ამის უკან არანაირი შინაარსი არ დგას. ფაქტი, რომ მათ ვერანაირი დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს, გვიმყარებს რწმენას, რომ სინამდვილეში, სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანია არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული და ამის უკან უბრალოდ, არაფერი არ დგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაცის მოტანას მოახერხებდნენ, კონკრეტული ანალიზის, ფაქტების, პრობლემების მოტანას, მაგრამ ვერაფერი მოიტანეს", – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რატომ ისმის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით შეკითხვები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ხაზგასმით ამბობენ, რომ მართლმსაჯულება საქართველოსთვის გამოწვევაა და როგორც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღევანდელ კომენტარებში ამბობენ, საქართველოში ჩამოსულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოლიტიკურმა მრჩეველმა პირდაპირ დასვა კითხვა სასამართლოში ე.წ კლანთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მარტივად, ფაქტებს ითხოვს.

"საჭიროა ფაქტის მოტანა იმასთან დაკავშირებით, თუ არის პრობლემა სასამართლოში. მაგალითად, კონკრეტულ სფეროში შეიძლება, რაღაც ფაქტები არსებობდეს, რომელიც პრობლემებს ხაზს უსვამს და სასამართლოშიც უნდა მოგვიტანონ რაღაც საქმე, რასთან დაკავშირებითაც სამართლებრივი პრობლემა არსებობს, მაგრამ ვერც ერთი ასეთი საქმე ვერ მოაქვთ", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
დღის ამბები