ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა მმართველი გუნდის მხრიდან ისევ კრიტიკა დაიმსახურა, რასაც მან სოციალური ქსელით მალევე უპასუხა. "ძალიან სამწუხაროა ამის ყურება," - წერს ევროპარლამენტარი, რომლის შეფასებებსაც ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ", ქართული ოცნების" ლიდერებმა უსაფუძვლო და მიკერძოებულ მიდგომა უწოდეს.
ამ თემაზე, ირაკლი კობახიძემ ვრცლად ერთ-ერთ მედიასთან ისაუბრა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ცალკეული ევროპარლამენტარების, მათ შორის კრამონის განცხადებები ქვეყანას უსამართლობისკენ უბიძგებს, რაც მისივე განმარტებით, ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
მმართველი ძალის ლიდერის განცხადებაზე დღეს, გუნდში განმარტებები გაკეთდა. უმრავლესობის დეპუტატების თქმით, ევროპარლამენტარი შეფასებებს, მისი პირადი აღქმის საფუძველზე აკეთებს. ქართველმა პარლამენტარებმა ევროპელ კოლეგას მოუწოდეს, კონკრეტულ საქმესა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე პოზიცია მხოლოდ ფაქტების გათვალისწინებით გამოხატოს.
"ქართული ოცნების" განცხადებებს ოპოზიციაში ევროპარლამენტარებზე თავდასხმად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტებს გვარამიას საქმეზე ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკა არ უკვირთ და მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის რიტორიკა ნეგატიურად აისახება ევროინტეგრაციის პროცესზე.
ის, რასაც ოპოზიცია თავდასხმად აფასებს, "ქართული ოცნებისთვის" არაჯანსაღ კრიტიკაზე ჯანსაღი პასუხია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კრამონის შეფასებები, ოპოზიციის დღის წესრიგს ატარებს და მას ობიექტურობასთან კავშირი არ აქვს.
ვიოლა ფონ კრამონი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ევროპარლამენტარს შორის, რომელმაც ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ, სპეციალური განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ მედიამენეჯერის დაპატიმრება, ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.