15 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
მოხსნეს თუ არა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამიდან - "კურიერი" თავად ლაშა ჩხიკვაძეს ესაუბრა

მოხსნეს თუ არა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამიდან - ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, შტატებში სავარაუდოდ აღარ წავა. დიპლომატიური უწყება განმარტებას არ აკეთებს.

"კურიერი" ლაშა ჩხიკვაძეს ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს:

"არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ არაფერზე, მით უფრო იმ განცხადებებზე, რაც გაკეთდა. მოდით დაველოდოთ საელჩო რა განცხადებას გააკეთებს," - აღნიშნა "კურიერთან" ლაშა ჩხიკვაძემ. 

ფაქტს კი უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ ფაქტი მართლაც დადასტურდება, ეს პრაქტიკულად სანქცია იქნება.

"თუკი ეს სიმართლეა, ეს ფაქტობრივად უკვე არის სანქცია და სწორედ ის არის, რასაც ოპოზიცია ითხოვდა - განცხადებიდან საქმეზე გადავიდნენ. დაიწყეს მოსამართლეებით და დაამთავრებენ მინისტრებით. უნდა შედგეს მოსამართლეების სია - დაწყებული გარეჯის საქმით და დამთავრებული გვარამიას საქმით, რომ ამ ადამიანებს არ ეღირსოთ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ევროპისა და ამერიკის მიმართულებით," - აცხადებს ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე. 

ხელისუფლებაში კი, წინასწარ პროგნოზების გაკეთება უჭირთ, თუმცა იმას ამბობენ, რომ ეს არ არის შეერთებული შტატებისთვის დამახასიათებელი ქცევა:

"ამ ამბავზე რაღაც მორიგი აჟიოტაჟის ატეხვა, არ მგონია, რომ კარგი ხერხი იყოს. ამიტომ, ყველას მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებდი ყველას, ვინც ამისგან ამბავი შექმნა. ეს არ არის იმ ადამიანების დამახასიათებელი ქცევა, ვისაც ასეთ ამბავს "აბრალებენ". ამ შემთხვევაში კი იგულისხმება შეერთებული შტატები. ცდილობენ ისე წარმოაჩინონ ვითარება, რომ თითქოს ეს არის ოფიციალური გადაწყვეტილებები, რომელიც არ მგონია თვითონ იმ სახელმწიფოს პრინციპებთან იყოს თავსებადი, რომელზეც არის საუბარი," - აღნიშნავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

საუბარია პროგრამაზე, რომელსაც შტატების მთავრობა აფინანსებს და რომლის მიხედვითაც მოსამართლეებს შესაძლებლობა აქვთ, პირადად შეხვდნენ ამერიკული სასამართლოს ხელმძღვანელ პირებს, ადმინისტრატორებს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს.

დღის ამბები