ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, არა სახელმწიფო არამედ სხვა ინტერესებითაა ნაკარნახევი. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთადერთი რაშიც საქართველოს ხელისუფლება ვერ იჩენს სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ, არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხიც იგივე მდგომარეობაში არ არის ჩავარდნილი და ომში არაა ჩართული, რისი სურვილიც, მისი თქმით, ოპოზიციას აქვს:
"უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ჩვენ გვესმის რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი ლობისტების აბსტრაქტული კრიტიკა უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით. ისინი გამუდმებით აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ იკავებს სწორ პოზიციას.
თუმცა, აბსტრაქტული კრიტიკის მიღმა, ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რაში არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით. ერთადერთი კონკრეტული ქმედება, რომელიც ოპოზიციას ხელზე ჰქონდა დახვეული და რომელსაც თითქმის ერთი თვე ატრიალებდნენ, იყო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები არ მუშაობს და ომს ვერ აჩერებს. თუმცა, ყველას კარგად გახსოვთ, რომ ანალოგიური შინაარსის განცხადებები მოგვიანებით მსოფლიოს მასშტაბით არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა.
რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი არ მალავს და ღიად ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მეორე ფრონტის არგახსნით არის უკმაყოფილო. თუმცა, ბევრია ისეთიც, რომელიც ამ აზრს ღიად არ აფიქსირებს.
სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია და კიდევ ერთხელ განვმარტავთ. ბუნებრივია, ისეთი სანქციების დაწესებას, რომლებიც რუსეთს ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას და ხალხს უმძიმეს ტვირთად დააწვებოდა, არავითარი გამართლება არ ექნებოდა. საკუთარ ქვეყანას და ხალხს ჩვენ სანქციებს ვერ დავუწესებდით.
შესაბამისად, სინამდვილეში, ერთადერთი, რაშიც არ გამოვხატეთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხიც იგივე მდგომარეობაში არ არის ჩავარდნილი. თუ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს ის აღიზიანებს, რომ საქართველოში დღეს მშვიდობაა და ქვეყანას წლის პირველ კვარტალში 14,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ამაზეც ღიად უნდა ვისაუბროთ.
ჩვენ გვგონია, რომ ყველა, ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციით უკრაინასთან დაკავშირებით, სინამდვილეში მხოლოდ იმითაა უკმაყოფილო, რომ საქართველო ომში არ ერთვება. თუ რაღაცის თქმა გსურთ და ვერ ბედავთ, ყველანაირად დაგეხმარებით, რომ სათქმელი ღიად გამოხატოთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.