15 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
"ეს არის ჩვეულებრივი ტაქტიკა და ისრების გადატანის მცდელობა" - ოპოზიცია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება

ირაკლი კობახიძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ "რადიკალური ოპოზიცია" სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ანტი-დასავლურ პროპაგანდას აწარმოებს, ოპოზიციაში ეხმაურებიან. მათი თქმით მსგავსი განცხადებები "ქართული ოცნების" ტაქტიკაა, რათა გაფუჭებულ საქმეებთან დაკავშირებით, მოხდეს ისრების გადატანა სხვა მიმართულებით.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ მსგავს საქმეებში დასავლელი პარტნიორების ჩათრევა ქვეყანას აზარალებს.

"ეს ჩვეულებრივი ტაქტიკაა იმისა, რომ მის გაფუჭებულ საქმეებზე, რომლებსაც ისინი აკეთებენ და ამაზე შესაბამის კრიტიკაზე, ამგვარად უპასუხონ, იმიტომ რომ გაუმჯობესების სურვილი რეალურად არ არსებობს. შესაბამისად, ისრების გადატანის მცდელობის იქით არ მიდის და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩათრევაც ხდება ამ პროცესში, რაც აზარალებს ქვეყანას. პასუხად, რასაც კრიტიკას იღებენ და ასევე, რჩევას - დასავლელი პარტნიორების მხრიდან, "ქართული ოცნების" მხრიდან მხოლოდ ასეთი ბრალდებები მოჰყვება." - თქვა აქუბარდიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, ”მოქალაქეების” წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ცხადია რომ სასამართლოს მიმართულებით საქართველოში პრობლემები არსებობს და სანამ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება, შორს ვიქნებით ევროპული პერსპექტივისგან.

"იმით, რაც სასამართლოში ხდება, არავინ არ არის კმაყოფილი. მე ეს ვიცი, ამაზე ბევრი გვაქვს ნამსჯელი, ამაზე დოკუმენტებია შექმნილი , სადაც კონკრეტულად არის ხაზი გასმული თუ რა არის სასამართლოში გასაკეთებელი, იმისთვის რომ კონკრეტული ადამიანების გავლენა შემცირდეს. მე ერთი რამე ვიცი, რომ ამ ქვეყანაში, სასამართლოს მიმართ ნაბიჯები თუ არ გადავდგით, ჩვენ ძალიან შორს ვიქნებით რამე დასავლური პერსპექტივისგან, იმიტომ რომ, ყველა, პირველ შეხვედრაზე გვთხოვს სასამართლოს მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას," - განაცხადა იოსელიანმა.

დღის ამბები