პანდემიის გამო ერთწლიანი ჩავარდნის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში დაბრუნდა - პირველად შვეიცარიის მაღალმთიანი კურორტი მსოფლიო ლიდერებს და გავლენიან ბიზნესწრეებს ზამთრის ნაცვლად მაისში მასპინძლობს. პირველად ფორუმს არ ესწრებიან რუსეთის წარმომადგენლები.
2 000-ზე მეტი დელეგატი, მთავარი გამოწვევა - ეკონომიკური საფრთხეები: მსოფლიო რეცესიის რისკი, ფინანსური ბაზრების რყევა და ინფლაციის მაღალი დონე. ამ ყველაფერზე მოქმედებს უკრაინის ომი, რომელმაც პოლიტიკურის გარდა, ერთდროულად რამდენიმე კრიზისი შექმნა, მათ შორის ენერგეტიკული და სასურსათო.
მსოფლიო ეკონომიკა ასეთ მდგომარეობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ფორუმი სწორედ უკრაინის პრეზიდენტმა გახსნა, რომელსაც არ სჯერა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას ახორციელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოს, ყველა რუსული ბანკის გლობალური სისტემიდან გათიშვას და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების სრულად გაწყვეტას ითხოვს.
დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება საქართველოს პრემიერიც, რომელმაც დღეს უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზეც. როგორ უმკლავდება საქართველო ეკონომიკურ გამოწვევებს და რა საინვესტიციო გარემოა ქვეყნაში შექმნილი - ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მისია დავოსში.
რა შეხვედრები შედგა პირველ დღეს, რა არის დაგეგმილი და რა შეიძლება მიიღოს საქართველომ "დავოსი 2022-დან" - პრემიერმა პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის დინამიკის აღდგენაზე და პანდემიის დროს სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადსაც და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმების და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანია.
"ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მიზნად გვაქვს დასახული რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ. საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა" - ასე გამოეხმაურა სოციალური ქსელის საშუალებით მთავრობის ხელმძღვანელი კომპანია "რიპლის" გენერალურ დირექტორთან შეხვედრას. ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელობას საქართველოში მომსახურების ცენტრის გახსნა შესთავაზა და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა შექმნილი. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ საქართველო რეპუტაციისა და მოქნილი ბიზნესგარემოს წყალობით გახდა ლიდერი ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივით.
დავოსში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტსაც შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს იაპონია საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობის მაღალ დონეზე და ამ წარმატებული თანამშრომლობის უფრო გაღრმავებაზე. საქართველოში სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, პრემიერ-მინისტრმა აკიჰო ტანაკას მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული სტაბილური ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის.
ეკონომიკური კომპონენტის ამოწურვისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი აუდიენციას დავოსში მყოფ პოლიტიკურ ლიდერებთან გამართავს. უკრაინაში მიმდინარე პროცესები ფორუმის მთავარი თემაა. პოლიტიკა და ბიზნესი ერთად იმსჯელებს რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად და რუსეთის დასამარცხებლად. ამ შედეგის მისაღწევად ფორმულა, დავოსის ფორუმზე შეკრებილებს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ კიევიდან უკარნახა.
უკრაინას საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით პასუხი ფორუმის მასპინძელმა, შვეიცარიის პრეზიდენტმა გასცა. იგნასიო კასისიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებები არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ ყველა ადამიანს ეხება და მისი მოსაზრებით პასუხი აგრესიაზე, კოლექტიური და სოლიდარული უნდა იყოს.
დავოსში ეკონომიკური ფორუმი რუსული დელეგაციის გარეშე მიმდინარეობს. რებრენდინგი ჩაუტარდა ე.წ. რუსულ სახლსაც, რომელსაც ახლა რუსეთის ომის დანაშაულთა სახლი ჰქვია და მასპინძლობს თემატურ გამოფენას, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებს საოკუპაციო რეჟიმის სახეს.