15 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
"ვაპირებთ ვამხილოთ "ქართული ოცნების" ჩაფიქრებული ვერაგობა, რომ უარი გვითხრან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე" - ოპოზიცია პარლამენტში გასამართ დებატებთან დაკავშირებით

რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და რა კეთდება ამ მიმართულებით - საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს დებატები იგეგმება.

პარალელურად, ოპოზიცია დღეს აპირებს ხელი მოაწეროს ერთობლივად მომზადებულ წერილს, რომელიც დღესვე ევროკავშირის ხელმძღვანელობას გაეგზავნება.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ამ ფორმატში ოპოზიცია აპირებს ამხილოს "ქართული ოცნება".

"ჩვენ გვაინტერესებს რატომ არ აქტიურობს "ქართული ოცნება" თუ ნამდვილად უნდათ ევროპაში ინტეგრაცია. რატომ არ ჩადიან 27-ვე ქვეყნის ლიდერებთან და რატომ არ აწარმოებენ პირდაპირ მოლაპარაკებებს. გადავწყვიტეთ, საპარლამენტო ფორმატში გვემხილებინა "ქართული ოცნება" იმ ვერაგობასთან დაკავშირებით, რაც აქვთ ჩაფიქრებული, რომ ცდილობენ როგორმე უარი გვითხრან ევროკავშირში წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, " - აცხადებს მანჯგალაძე.

"გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით, მოვლენებს დააკვირდება. მისი თქმით, ქვეყანა უკან მიდის, თუმცა რა დონეზე, ამ კითხვაზე უახლოეს მომავალში პასუხს დასავლეთიდან მივიღებთ.

"მე მეგონა, რომ აქამდეც დებატებში ვიყავით პარლამენტში, მაგრამ რატომღაც დღევანდელ დღეს დაარქვეს დებატები - მე ასეთ შემთხვევაზე ვარ პირველად. დავაკვირდები, მათ შორის დავაკვირდები იმას, თუ ვის დაადებს ხელისუფლება ხელს, როგორც ქვეყნის მოღალატეს, გამყიდველს და ა.შ. და ადეკვატურობის ფარგლებში მოვიქცევი. მე ვიცი, რომ უკან-უკან მივდივართ, მაგრამ მაინტერესებს, მაინც რა დონეზე ვართ უკან წასულები. დღევანდელი დებატებით ეს გამოიკვეთება თუ არა არ ვიცი, მაგრამ უახლოეს მომავალში ამ კითხვაზე პასუხი იქნება ნათელი დასავლეთიდან," - აცხადებს ხვიჩია.

დღის ამბები