ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდერ შალენბერგის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ შეარყია უსაფრთხოების არქიტექტურა და შექმნილ რთულ სიტუაციაში, ევროპულმა გაერთიანებამ, ახალი წევრევბის მიღების კუთხით, თავი უნდა დააღწიოს აქამდე არსებულ მოდელებს, მისივე თქმით, ევროკავშირი უნდა დაფიქრდეს გაწევრიანების მსურველი ქვეყნების თანადათანობით ინტეგრაციაზე.
"უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ შეარყია უსაფრთხოების არქიტექტურა. მჯერა, რომ ევროკავშირმა ერთიანად უნდა იმოქმედოს. ჩვენ უფრო კონფრონტაციულ ფაზაში შევდივართ, რაც წლები გაგრძელდება თუ არა ათწლეულები. ჩვენ ნათელი სიგნალი უნდა გავუშვათ, რომ ამ ქვეყნებს აქვთ მისწრაფება, არიან ჩვენი ღირებულებების ოჯახის ნაწილი, მაგრამ არ არსებობს აქ სწრაფი გზა.
ჩრდილოეთ მაკედონიამ 17 წლის წინ გააკეთა განაცხადი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ესტონეთზე, პოლონეთზე, იმ დროს ეს სწრაფი იყო. თუ ჩვენ ამ ქვეყნებს გავუმკლავდით ისე, როგორც ახლა ვუმკლავდებით დასავლეთ ბალკანეთს და გვაქვს დისკუსია უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე, ეს არ არის ძალიან დამაიმედებელი.
რაც ახლა უნდა გავაკეთოთ ამ რთულ სიტუაციაში, არის ის, რომ თავი უნდა დავაღწიოთ იმ მოდელებს, რაც გვაქვს. მოდელებს, რაც გულისხმობს სრული მიერთების ხანგრძლივ პროცესს, რაც შეიძლება გაგრძელდეს წლები თუ არა ათწლეულები. ჩვენი, ავსტრიის მიდგომაა, რომ ეს უნდა გავხადოთ ხელშესახები. გაფართოება ყველაზე დიდი და ძლიერი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია რაც გვაქვს. კანდიდატის სტატუსის მიცემა ისე, რომ შემდეგ წლები არაფერი ხდება, არ მუშაობს. ამას ვხედავთ დასავლეთ ბალკანეთში. იგივე შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ უკრაინაში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში. რაზეც უნდა ვიფიქროთ, არის თანდათანობითი ინტეგრაცია," - განაცხადა შალენბერგმა.