რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და რა კეთდება ამ მიმართულებით - საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს დებატები გაიმართება. გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტული ოპოზიციონერები სულმოუთქმელად ელოდებიან, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭოს.
"კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები, კონკრეტული პოლიტიკოსები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში და შემდეგ იმ კაბინეტებიდან გამოდის უარყოფითი გზავნილები, - რაც არის მათი აგიტაციის და პროპაგანდის შედეგი. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რომელსაც მიჩვეული ვართ, იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციის დროს, ვიდრე მივიღებდით ამ სტატუსს. ახლაც იგივე მეორდება.
მე სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ, ვიცი მათი ბუნება, ისინი სულმოუთქმელად ელოდებიან იმას, რომ საქართველოს არ მიანიჭებს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს. მე მჯერა, რომ ეს ასე არ მოხდება, მაგრამ ასევე მჯერა იმის, რომ მათი მოლოდინი სამწუხაროდ განსხვავებულია. ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ შანსს ამ ყველაფერში. მათ არ აინტერესებთ ქვეყნის არც ევროპული მომავალი, არც ზოგადად მომავალი.
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ყველა პარამეტრით ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას, არამარტო გვწამს, არამედ ეს არის ფაქტები, რომლებსაც ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის უალტერნატივო," - განაცხადა კობახიძემ.