15 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე - ოპოზიციის კრიტიკული შეფასებები საპარლამენტო ტრიბუნიდან

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დებატები გრძელდება. ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების განცხადებები პარტნიორების მიმართ, დაბრკოლებაა ევროინტეგრაციის გზაზე, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი რეფორმების შესრულებაა.

"ჩვენ არამხოლოდ ისტორიული შესაძლებლობა გვაქვს, რომ მართლაც ისე, როგორც არასდროს, დავუახლოვდეთ ევროკავშირს, არამედ სამწუხაროდ, გვაქვს ის რეალობა, რომ შეიძლება ეს ისტორიული შანსი ხელიდან გავუშვათ,"- აცხადებს ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით კი, დღეს, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება პოლიტიკური პატიმრების არსებობაა. 

"თუ რამე ოდნავ მაინც აბრკოლებს ევროინტეგრაციას, ეს არის ის, რომ მართლმსაჯულებაში დამოუკიდებლობის არავითარი ხარისხი არ არსებობს. მეორე, თქვენ გყავთ პოლიტიკური პატიმრები. რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, ის დღეს ციხეშია", - განაცხადა ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ. 

პარლამენტის წევრი, არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ შანსი, გაცილებით ადრე დაკარგა. 

"საქართველოს გაცილებით ადრე ექნებოდა შანსი, რომ ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო. ჩვენ ხელიდან გვაქვს გაშვებული 10+9 შესაძლებლობები. უმთავრესი ამოცანაა არა ფორმალური შედეგის მიღება, არამედ არსებითად, საქართველოში ფუნდამენტური პრობლემების მოგვარება, რაც გვაქვს, უპირველესად სამართლის კუთხით",- აღნიშნავს პარლამენტის წევრი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია თვლის, რომ   მთავარი ანტიევროპელობა, ქვეყანაში დაპირისპირების და ქიშპობის არ დასრულებაა. 

დღის ამბები