საკანონმდებლო ორგანოში თითქმის 4 საათიან პოლიტიკურ დებატებს, პოლიტიკური ბრალდებების სახე ჰქონდა. ოპონირება დეპუტატებს შორის ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს ეხებოდა, თუმცა მმართველი პარტიის შეფასებით, ოპოზიციის მიერ გაჟღერებული საკითხები დებატების მთავარ თემას აცდენილი იყო.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, სახელისუფლებო გუნდის ოპონენტებმა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზები დაასახელეს, რასაც "ქართულმა ოცნებამ" სტრასბურგში წაღებული საქმეების შემცირებული სტატისტიკით უპასუხა.
ევროინტეგრაციის გზაზე ოპოზიცია რეფორმების აუცილებლობაზე საუბრობს და ეს პოზიცია მათ საპარლამენტო ტრიბუნიდან დღეს, არაერთხელ გააჟღერეს. წაიკითხეს ის საერთო წერილიც, რომელსაც ევროპარლამენტარებს უგზავნიან და ამით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს პერსპექტივებს მხარს უჭერენ. ამბობენ, რომ ამ გზავნილით მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ იმ განცხადებასაც პასუხობენ, რომლითაც სახელისუფლებო გუნდმა, ოპონენტები საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში დაადანაშაულა.
"ქართული ოცნება" დაინტერესდა, ამ მოცემულობაში რომელი ოპოზიციონერი დეპუტატი დაუჭერდა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების სტატუსს.
პოლიტიკურ დებატებს არც წარსულზე საუბრის გარეშე ჩაუვლია. "ლელომ" "ქართულ ოცნებას" ის ფასეულობები შეახსენა, რის გამოც 2012 წელს მმართველ პარტიას საზოგადოებამ მხარი დაუჭირა და თქვა, რომ სახელისუფლებო გუნდმა ამ ღირებულებებს გადაუხვია. დავით უსუფაშვილს მალევე "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ უპასუხა.
დღის ბოლოს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე დებატები "ქართულმა ოცნებამ" მედიასთანაც შეაჯამა.
დებატების პარალელურად, ინიციატივით გამოვიდა გიორგი გახარია. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა ოპოზიციას და მმართველ ძალას მოუწოდა შეწყვიტონ ურთიერთდაპირისპირება იქამდე, სანამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება. გახარიას ეს იდეა მოეწონათ მმართველ პარტიაში, თუმცა, მიიჩნიეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა და განხილვები სწორედ ოპოზიციამ უნდა დაასრულოს.
საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატების ჩატარების იდეა "სტრატეგია აღმაშენებელს" ეკუთვნის. ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემაზე დებატები, დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.