ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს, გასცენ კითხვას პასუხი დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოპოვებას?!
მამუკა მდინარაძემ ეს კითხვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააჟღერა, სადაც ინტერპელაციის წესით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს უსმენენ.
"ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვა თქვენთან დასმულ, სხვა კითხვებთან ერთად, რომელზეც ჩვენ ჯერ პასუხი არ მიგვიღია და იმედი მაქვს, ჩვენი პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლები, დღეს მაინც გასცემენ კითხვას პასუხს - დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოპოვებას? რაც არ უნდა სუბიექტურები ვიყოთ, დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვმართებს ობიექტურობა, რაც არ უნდა რთული იყოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. დღეს, ჩვენ მინისტრისგან ველოდებით კითხვებზე პასუხებს და ასევე ველოდებით ამ ყველაზე აქტუალურ კითხვაზე პასუხს ჩვენი ოპონენტებისგან",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ხუთი საინტერპელაციო კითხვით ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" მიმართა. კითხვები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს შეეხება.
ილია დარჩიაშვილმა პასუხი შემდეგ კითხვებს უნდა გასცეს:
- რა სამუშაო იქნა გაწეული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ევროკომისიის კითხვარის სათანადო დონეზე მოსამზადებლად?
- რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ევროკომისია შეფასების პროცესში და როდის ველოდებით შეფასების დოკუმენტის გამოქვეყნებას?
- როგორია მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით?
- ევროკომისიის კითხვარზე მუშაობის შედეგად რა სფეროები გამოიკვეთა როგორც ყველაზე წარმატებული და რომელი მიმართულებით სჭირდება ქვეყანას გაუმჯობესება?
- რა დიპლომატიურ სამუშაოს ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კანდიდატის სტატუსის მისაღებად?
ინტერპელაცია მინისტრის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა, დებატების გამართვასაც ითვალისწინებს.