საქართველოს პარლამენტში უკვე დასრულდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა.
ილია დარჩიაშვილმა იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რაც საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს. მინისტრი ამბობს, რომ მოცემულ ეტაპზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან "საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ერთხმად ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება".
კითხვები ჰქონდათ როგორც ოპოზიციის ასევე უმრავლესობის წევრებს. დარბაზში ისმოდა მწვავე შეფასებებიც. ოპოზიციას აინტერესებდა ინფორმაცია იმ წინააღმდეგობების შესახებ, რაც შეიძლება საქართველოს ამ პროცესში ჰქონდეს.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანმა სალომე სამადაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრს არაკომპეტენტური უწოდა და პრეტენზია გამოთქვა საქართველოს არასათანადო საგარეო მხარდაჭერის გამო.
"ლელოს" წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო იმსახურებს ევროინტეგრაციას, თუმცა არ იმსახურებს მთავრობას, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს ცხოვრების არაევროპულ სტილს, პოლიტიკურ სისტემას და ღირებულებას.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, რომ სტატუსის არ მიღების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ოპოზიციას "აკიდოს". მისი თქმით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და თუ რაიმე სხვაგვარად გადაწყდა, ეს თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ტვირთი იქნება.
ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემაც. მისი თქმით, ოპოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერია.
"აქ დაისვა კითხვა და გონიათ ჭკვიანური რაღაც მოიფიქრეს, რომ ოპოზიცია კედელზე მიეყენებინათ. აბა გაგვეცით პასუხი "იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას?" საქართველოს ხალხი არ იმსახურებს სიღატაკეს, არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილს, არ იმსახურებს არაფორმალურ მმართველობას, არ იმსახურებს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, კორუმპირებულ მოსამართლეებს, არ იმსახურებს პოლიტიკურ პატიმრებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ .